logo_geo
ირაკლი კობახიძე: ქართული გალობის აღორძინება ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს და ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება
- +

14 მარტი. 2024. 17:33

 

 

ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ქართული გალობის აღორძინება უპირველეს ყოვლისა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ჩვენს სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს, ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის და, მეორე მხრივ, ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითმყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისამდი, სამშობლოსადმი, თუ ზოგადად სამყაროსადმი. ქართული გალობა გამოხატავს იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდა ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიციამ, ისევე როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ, არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, ის გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ უდიდესი მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მრავალხმიანობის, მათ შორის გალობის გადარჩენასა და ჩვენამდე მოტანაში“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. პრემიერის განცხადებით, გალობის აღორძინება უპირველეს ყოვლისა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ჩვენს სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება.

 

„საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა. უწმინდესი და უნეტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა. დღეს ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა სალოტბარო სკოლები, ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში. ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა. დღეს ჩვენ წინაშეა თითქმის ათწლიანი, მართლაც ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი - ესაა ანთოლოგიის 29 ტომი, 6000-ზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა მხოლოდ დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. მინდა, ქართული გალობის ფონდის დამფუძნებელს, ვანო ჩხარტიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საქმეში შეტანილი ძალიან დიდი წვლილისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ანთოლოგიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ესენი არიან პროექტის ხელმძღვანელები, შემოქმედებითი ჯგუფი, მუსიკოსები, მეცნიერები - მადლობა თითოეულ თქვენგან. პირადად ჩემი და მთავრობის სახელით მინდა გამოვთქვა თანადგომა, დაგპირდეთ მხარდაჭერას და გისურვოთ წარმატებები ამ ძალიან დიდ საქვეყნო საქმეში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი