logo_geo
ვლადიმერ პუტინი: ვის აშინებენ?
- +

16 მარტი. 2024. 00:04

 

 

რუსეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეჭრას ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ გზით, კიევი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის ჩაშლას და ხალხის დაშინებას ცდილობს.

 

„როგორც ცნობილია, დღეს ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციის შესაბამისად, დაიწყო პრეზიდენტის არჩევნები. ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის მიზნითა და იმისთვის, რომ უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში მაინც დააშინონ ხალხი, კიევის ნეონაცისტური რეჟიმი ცდილობს სისრულეში მოიყვანოს მთელი რიგი კრიმინალური, დემონსტრაციული შეიარაღებული მოქმედებების ჩანაფიქრი.

 

ამ, სამხედრო თვალსაზრისით აზრს მოკლებული და ჰუმანიტარული კუთხით დანაშაულებრივი მოქმედებების მიზანია, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელის შეშლა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამას კიდევ უფრო დიდი ერთიანობით უპასუხებს.

 

ვისი შეშინება გადაწყვიტეს? რუსი ხალხის? რუსეთის მრავალეროვანი ხალხის?“, - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს ოპერატიულ შეხვედრაზე.

 

შეგახსენებთ, რუსეთში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დღეს დაიწყო და 17 მარტამდე გასტანს.

 

რამდენიმე დღით ადრე ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის და კურსკის ოლქებთან საზღვარი გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“.

 

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ მიმართვა გაავრცელა ბელგოროდის და კურსკის მცხოვრებთ სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა. როგორც რუსეთში შეჭრილი ლეგიონის წარმომადგენლების განცხადებაშია აღნიშნული, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების და სოფლების დაცხრილვა გრძელდება, იძულებული არიან სასაზღვრო რეგიონებში საპასუხო ცეცხლი გაუხსნან რუსეთის სამხედრო ობიექტებს.

 

უკრაინული მხარის თქმით, რუსეთის ამ რეგიონებში დამოუკიდებლად მოქმედებენ რუსი მოხალისეების ჯგუფები. თუმცა რუსული მხარე მომხდარში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

 

 

big_banner
არქივი