logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, რომელიც ჩვენთან ერთად აშენებს კიდევ უფრო გაბრწყინებულ საქართველოს!
- +

10 ოქტომბერი. 2017. 23:04


„როდესაც მე წარმატებებზე და ჩვენს უმნიშვნელოვანეს გეგმებზე ვსაუბრობ, ერთი წუთით არ მტოვებს ძალიან მძაფრი შეგრძნება იმ გაჭირვებისა, რომელიც დღეს კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თითოეული ნაბიჯი ადამიანების პატივისცემასა და სიყვარულს ეფუძნება.


„დარწმუნებული ვარ, აქ მდგომი ადამიანებიდან ძალიან ბევრს არ აქვს დალხინებული ცხოვრება, მაგრამ დამერწმუნეთ, არ არსებობს ალტერნატივა იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ეს არის გააზრებული გზა, რომელსაც ჩვენ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ჩვენი ხალხის მხარდაჭერით ვადგავართ. ეს არის სტაბილურობის გზა, რომელიც ემყარება თითოეული ადამიანის ღირსებას, პატივისცემას და სიყვარულს.

 

როგორ შეიძლება ჩვენ არ დავინახოთ და არ დავაფასოთ ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ახლოს იმ წარმატებასთან, რომელსაც თქვენთან ერთად ვაშენებთ, მაგრამ ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ, უკვე გადავდგით და მომავალში გვაქვს დაგეგმილი, აშენებს იმ საფუძველს, რომელსაც დაემყარება ძლიერი, ერთიანი, სიყვარულზე დაფუძნებული ქვეყანა, რომელსაც ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო ჰქვია.

 

მე ამის თქვენთან ერთად მჯერა, მჯერა თითოეული წვეთით იმ სისხლისა, რომელიც ჩემს ძარღვებშია. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს სწორედ ასეთი სიყვარული აქვს ძარღვებში, სწორედ ასე უჩქეფს გული, რომ ჩვენ, ერთად ავაშენოთ ის ღირსეული ქვეყანა, რომლის ღირსებიც ჩვენი წინაპრები არიან, რომლის ღირსებიც ჩვენ ვართ და ჩვენი მომავალი თაობაა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, რომელიც უძლებს დღევანდელ დღეს და რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად აშენებს კიდევ უფრო გაბრწყინებულ საქართველოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი