logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: „აბესალომ და ეთერი“ ქუთაისში - საყვარელი მოგონებებიდან...
- +

5 იანვარი. 2017. 00:26



საოპერო მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის ძმისშვილი ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„აბესალომ და ეთერი" ქუთაისში...

(საყვარელი მოგონებებიდან)

ერთხელ ზურიკო გასტროლებზე იყო ქუთაისში, აბესალომის პარტია უნდა შეესრულებინა. მის პარტნიორ ქალბატონს მართლა ძალიან ძლიერი ხმა ჰქონდა და თანაც, საკმაოდ ჩაპუტკუნებული და სასიამოვნო შესახედავი იყო... ზურიკოზე ბავშვობიდან იყო შეყვარებული და მთელი ცხოვრება ოცნებობდა სცენაზე ზურიკოსთან ერთად გამოსვლას. ასე რომ, სპექტაკლის წინ არა მხოლოდ ვოკალში, არამედ სასცენო ხელოვნებაშიც მეცადინეობდა და კაბებს რაც შეეხება, მათ შექმნაში მთელი ქუთაისი მონაწილეობდა...

როცა პირველი აქტი დაიწყო... თუ გახსოვთ, გლეხის ობოლი ქალი ეთერი დასტირის ბედს და ბოროტ დედინაცვალს, ეთერის იმნაირი კაბა ეცვა, რომ ზურიკო სცენაზე რომ გამოვარდა, მისი მეფური ტანსაცმელი ეთერის „ძონძებთან" შედარებით ისე ღარიბულად გამოიყურებოდა, რომ მე, მაგალითად, ეთერის მაგივრად, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, საერთოდ ხმას არ გავცემდი...

როდესაც აბესალომმა ეთერის დანა აჩუქა, რომელითაც მას ბოლოს, ლიბრეტოს მიხედვით, თავი უნდა მოეკლა, „ობრაზში" შესულმა ეთერიმ ისე ღრმად ჩაიდო ის „გულის უბეში", რომ დანა, არაადამიანურად შემოჭერილი კაბის მიუხედავას, აშკარად სადღაც ჩასრიალდა...

ქორწილისა და „ტილების" სცენამ წყნარად ჩაიარა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმ ფაქტს, რომ ეთერის კაბებზე განლაგებული ბრჭყვიალა ქვები და სტრაზები დირიჟორს აბრმავებდა (ტილები როგორ უძლებდნენ ვერ მივხვდი)... მაყურებელი კი უბრალოდ შეეჩვია იმ აზრს, რომ ეთერი ან ფარული მილიონერია, ან აბესალომი ბავშვობიდან არ აქცევს ყურადღებას ჩაცმულობას, რადგანაც სახელმწიფო საქმეებით არის ნამეტნავად დაკავებული...

და აი, დადგა ოპერის ტრაგიკული ფინალი... შეყვარებული და ავადმყოფი აბესალომი, ეთერისთან ერთად „წამწამსა და წამწამს შუა"-ს ასრულებს და კვდება... აქვითინებული ეთერი კი მღერის იმაზე, რომ ახლა ამოიღებს გულიდან აბესალომის დანას და თავს მოიკლავს... აი აქ კი... მოხდა ის, რომ ეთერიმ ვერ იპოვა პირველ აქტში ჩაგდებული დანა... როგორც ჩანს, ისე სერიოზულად მეცადინეობდა სცენურ ხელოვნებაში, რომ ვერ წარმოიდგინა, რომ სცენის გათამაშება უდანოდაც შეიძლებოდა... ეძებდა და ეძებდა... ბოლოს ხელი ბოლომდე ჩაიყო დეკოლტეში და საბედნიეროდ, იპოვა... მოასწრო...გულში გაირჭო და კმაყოფილი სახით დაემხო ზურიკოს...

მეორე დღეს მთელი ქუთაისი შაყირობდა ამ ამბავზე...

ეთერის როლის შემსრულებელმა კი სახლში დაგვპატიჟა... ისეთი სუფრა გაშალა და ისე გემრიელად, ქუთაისში რომ იციან... არაჩვეულებრივი ოჯახი გაგვაცნო და ზურიკომ მისი სადღეგრძელო რომ დალია, შეაქო, ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგო ხარო, მაგრამ აწი შენთან მარტო „ოტელოს" შევასრულებო... ხალხმა უცებ ვერ გაიგო...

„იქ მე გკლავო, თანაც გახრჩობო და იარაღიც რომ დავკარგოო, გარანტია მექნება, რომ ვერ გადარჩებიო", - წერს ლელა ანჯაფარიძე.


 

big_banner
არქივი