logo_geo
ირაკლი გოგავა: ერბილთან შეიძლება პარტნიორობა და მეგობრობა
- +

8 იანვარი. 2017. 21:54


 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ფოტოებს და სტატუსს აქვეყნებს:

 

„წუხელ ჩემი ქურთი მეგობარი დამიკავშირდა ერბილიდან ანუ ერაყის ქურთისტანიდან, სადაც ერთი პერიოდი ვმუშაობდი. ის ქურთისტანის მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და მთხოვა, თუ შევძლებდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებას ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის. ჩემს კითხვაზე, თუ როდის აპირებენ ჩატარებას, მიპასუხა: როგორც კი „ისლამური სახელმწიფო" წელში გადატყდება.

 

უნდა ველოდოთ ჩვენს სამეზობლოში ახალი სახელმწიფოს - ქურთისტანის აღმოცენებას. პირდაპირი მანძილი საქართველოს და ერაყის ქურთისტანის საზღვრებს შორის დაახლოებით 800კმ-ია (შედარებისთვის ბათუმსა და ბაქოს შორის მანძილი 950კმ-ია). ქურთები უძველესი ერია, მებრძოლი ხალხია, თუმცა საკუთარი სახელმწიფო არასდროს ჰქონიათ. ერაყის ქურთისტანი 1991 წლიდან დე ფაქტო დამოუკიდებელია, 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ეკონომიკა ჩვენზე ორჯერ დიდი აქვთ, არის ნავთობის დიდი მარაგები. ერის ლიდერია მასუდ ბარზანი, ლეგენდარული მაჰმუდ ბარზანის შვილი და კიდევ უფრო სახელგანთქმული მუსტაფა ბარზანის შვილიშვილი.

 

ადგილობრივი ლეგენდა: „ყოველ წელს, იანვარში ერის ლიდერი მასუდ ბარზანი რამდენიმე კვირით უჩინარდება ხოლმე: ქურთისტანში ხმები დადის, რომ ის საქართველოში ინგოგნიტოდ ჩამოდის, სადაც მას ოჯახიც კი ჰყავსო."

 

ისტორიაში ცნობლი ქურთები იყვნენ: სალაჰედინი(სალადინი) - ეგვიპტის და სირიის სულთანი, ნიზამი განჯევი (ჩვენთან განჯელს უწოდებენ) - პოეტი, შერიფ ხან ბითლისი - ისტორიკოსი, ერბილის გუბერნატორი, თამარ მეფის მხედართმთავრები - ზაქარია და იოანე მხარგრძელები, აბდულა ოჯალანი - ქურთ მუშათა პარტიის ლიდერი, ლეილა ზანა - უფლებადამცველი თურქეთში, ჯალალ ტალაბანი - ერაყის პრეზიდენტი (როგორც თავად მითხრა - მსახურობდა ახალქალაქში)

 

პირველ რუქაზე დიდი ქურთისტანია, რომელიც დაახლოებით ემთხვევა ქურთების განსახლების არეალს და მასზე ოცნებობენ ქურთები. მეორე რუქაზე ერაყის ქურთისტანია, სადაც რეალურად გამოცხადდება დამოუკიდებელი სახელმწიფო - სამხრეთ ქურთისტანი.

 

კარგი იქნება თუ ჩვენი მთავრობა უფრო ინტენსიურს გახდის კავშირებს ერბილთან. მათთან შეიძლება პარტნიორობა და მეგობრობა" , - წერს გოგავა.

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი