logo_geo
მამამ შვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაარჩინა - „ყველას დაგხოცავთ, ვინც აპარატს შეეხებით“
- +

29 მარტი. 2019. 13:25

 

 

ეს ამბავი 2015 წელს მოხდა. ტეხასელ ჯორჯ პიკერინგს სავადმყოფოდან დაურეკეს და საშინელი ამბავი შეატყობინეს: მისი 27 წლის ვაჟი, რომელიც ინსულტის გამო კომაში იყო, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უნდა გაეთიშათ. როგორც გაირკვა, ექიმებს კონსილიუმი მოეწვიათ და დაედგინათ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ტვინი უკვე მკვდარი იყო და მას აღარაფერი ეშველებოდა. ჯორჯ პიკერინგი ბღაოდა და ექიმებს ევედრებოდა, არ მოეკლათ მისი შვილი. მაგრამ სამედიცინო კომისია შეუვალი აღმოჩნდა.

უბედურმა მამამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, იარაღი აიღო, ქურთუკქვეშ დამალა და კლინიკაში ისე მივიდა. რეანიმაციულ განყოფილებაში დაუდასტურეს, რომ სამედიცინო კომისია იმავე დღეს აპირებდა უიმედო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის აპარატიდან გათიშვას.

მაშინ სასოწარკვეთილმა და გამძვინვარებულმა მამამ პისტოლეტი ამოიღო და ექიმებს გამოუცხადა:

 

- ყველას დაგხოცავთ, ვინც აპარატს შეეხებით, არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ამ პისტოლეტის იმედით ვარ მოსული!

დამფრთხალმა მედპერსონალმა სასწრაფოდ დატოვა პალატა. ჯორჯ პიკერინგ-უფროსი მომაკვდავ შვილთან მარტო დარჩა.

დარჩა და იმ წუთიდან დაიწყო გამწარებული მამისა და პოლიციის ოთხსაათიანი დაპირისპირება.

სპეცრაზმმა კლინიკას ალყა შემოარტყა და ჯორჯ პიკერინგს იარაღის დადება და დანებება მოსთხოვა. ის კი, პისტოლეტმომარჯვებული, შვილის საწოლთან იდგა, მის ხელს ჩაფრენოდა, მხურვალედ ლოცულობდა, ღმერთს შვილს ავედრებდა და ბიჭს ჩასძახოდა, თუ ჩემი გესმის, ხელი მომიჭირეო.

 

ფანჯრებს მიღმა კი პოლიცია და სპეცრაზმი იმუქრებოდნენ და განუწყვეტლივ მოითხოვდნენ დანებებას.

- მომიჭირე ხელი, მომიჭირე ხელი! - იხვეწებოდა გამწარებული მამა.

- დაყარეთ იარაღი და დაგვნებდით! - მოითხოვდა პოლიცია.

წუთი წუთს მისდევდა, სპეცრაზმის კლინიკაში შეჭრის საფრთხე იზრდებოდა, მაგრამ შვილის სიცოცხლისთვის მებრძოლი მამა ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდა.

- მომიჭირე ხელი, შვილო, ვიცი, რომ გესმის ჩემი, მომიჭირე ხელი! - ჩასძახოდა პიკერინგი ბიჭს და…

ჰოი, საოცრებავ! მამამ შვილის ხელის მოძრაობა შეიგრძნო. თხოვნა გაუმეორა და შვილმაც ისევ მოუჭირა ხელი, მერე ისევ და ისევ…

 

ჯორჯ პიკერინგ-უფროსმა იარაღი დადო და პოლიციას ბედნიერი ჩაბარდა.

 

- ოთხჯერ მომიჭირა ხელი, ოთხჯერ! დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შვილის ტვინი ცოცხალი იყო, მამა ვარ და ტანით ვგრძნობდი, რომ არ მოკვდებოდა, - ამბობდა ჯორჯი, რომელსაც ერთი წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ სწორად მოიქცა, როცა ექიმებს შვილის აპარატიდან გათიშვის ნება არ მისცა - დიახ, თუნდაც იარაღის მუქარით.

არადა, ამ ინციდენტამდე საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ორგანოების დონორობაზე ცდილობდა მასთან მოლაპარაკებას!

 

-ახლა ვეღარავინ იტყვის, რომ ჩემი შვილის ტვინი მკვდარია, - ამბობდა გახარებული ჯორჯი და თვინიერად მიჰყვებოდა პოლიციას…

ჯორჯ პიკერინგ უმცროსი იმავე საღამოს გამოვიდა კომიდან, თვალები გაახილა, დედას შეხედა და უთხრა:

- მიყვარხარ, დე.

ოთხსაათიან ბრძოლაგადატანილ მამას კი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მოგვიანებით განაჩენი შეუმსუბუქეს და სწორედ ამ დღეებში გაათავისუფლეს ციხიდან.

 

-კი, კანონი დაარღვია, მაგრამ სიყვარულის გამო მოიქცა ასე და რომ არა ის, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, -  ღიმილით ამბობს უმცროსი პიკერინგი, რომელიც საოცრად ჰგავს მამას და რომელიც დღეს სრულიად ჯანმრთელია.

 

 

 

big_banner
არქივი