საგულდაგულოდ ირჩევთ მაღაზიაში ფერს, სტრუქტურას, სიმყარეს, მაგრამ მერე აღმოაჩენთ, რომ გამოყენებისას ტონალური საცხი სულ სხვანაირია? მაშინ წაიკითხეთ ჩვენი რჩევები.
შეცდომა 1: ფერს მაჯაზე ცდით
მაჯის კანის ფერი, პრაქტიკულად, არასოდეს ემთხვევა სახისას. გამოსცადეთ საცხი ყვრიმალზე ან ყელზე, ასე არ შეცდებით.
შეცდომა 2: მაკიაჟის ზემოდან ცდით ტონალურ საცხს
თუნდაც თქვენი ამჟამინდელი საცხი იდეალურად გიხდებოდეთ, მისი პიგმენტები ახალი საშუალების შემადგენლობასთან კონფლიქტში შედის. შედეგად, თქვენ იმ ფერს არ ხედავთ, რასაც საცხი სუფთა კანზე მოგცემთ.
შეცდომა 3: ფერს მაღაზიაში არჩევთ
წაისვით კანზე რამდენიმე ფერი და გადით გარეთ, დღის შუქზე, სადაც უკეთ შეაფასებთ შედეგს.
შეცდომა 4: 2 ფერიდან უფრო მუქს ირჩევთ
თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი ფერი შეარჩიოთ, ან შეურიეთ ორივე ფერი, ან უფრო ღიაზე შეაჩერეთ არჩევანი. არაფერი აფუჭებს იერსახეს, როგორც მუქი ფერის ტონალური საცხი.
შეცდომა 5: არ იყენებთ "სპონჟს" ან ფუნჯს
შემდეგ კი აღმოაჩენთ, რომ საცხი კარგად არ ჯდება კანზე. ამიტომ, ან კონსულტანტს სთხოვეთ, ან თან იქონიეთ "სპონჟი" და მოსინჯეთ, როგორია შერჩეული პროდუქტი კანზე.
შეცდომა 6: საცხს საღამოს ყიდულობთ
კანი დღის განმავლობაში იცვლება: შესაძლოა, გაოფლიანდით ან შეგცივდათ, მტვერმა ფორებში შეაღწია, კანი გაგიწითლდათ ან უბრალოდ, დაიღალეთ. მოკლედ, საჭირო ტონი იდეალისგან ძალიან შორს იქნება. შეიძინეთ კოსმეტიკა დილით, როცა გამოძინებული და დასვენებული ხართ.
შეცდომა 7: ძალიან სქელი ტექსტურის საცხს ირჩევთ
გახსოვდეთ: ტონალური საცხი - გაჯი არ არის. თქვენი კანი აუცილებლად უნდა ჩანდეს ტონალურის მიღმა. უბრალოდ, ის ფერს ასწორებს და ალამაზებს. შესანიღბად არსებობს კონსილერი და კორექტორი.