logo_geo
სასჯელაღსრულების სამინისტრო მედიასთან თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
- +

14 აპრილი. 2017. 23:04



„ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო „TB24"-თან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ", - ამის შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

 

„აღსანიშნავია, რომ სამინისტრო ათზე მეტი ონლაინმედიასაშუალებით აწოდებს ინფორმაციას საზოგადოებას, მათ შორის არიან წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები და ისეთი გამოცემები, როგორიცაა „ინტერპრესნიუსი", „ბათუმელები", „ნეტგაზეთი", „Ipress", „გურიანიუსი", For.ge და სხვა. ჩვენი ბენეფიციარების წრე იმდენად დიდია, რომ აუცილებლად ვთვლით, მათ საქართველოში არსებული ყველა მედიასაშუალებით მივაწოდოთ ინფორმაცია მათი უფლებებისა და ჩვენს სისტემაში არსებული სიახლეების შესახებ. რაც შეეხება მედიასაშუალების ორიენტაციისა და მათი მეპატრონეების პოლიტიკური გემოვნების კვლევას, ვთვლით, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, ეს უწყებას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2012 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მასშტაბური რეფორმა განხორციელდა, რომლის შედეგად ძირეულად შეიცვალა პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება, დაინერგა ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე არსებული ვითარებისა და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, აღნიშნული სფეროში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, არსებული ვითარება და ყველა ის საკითხი, რომელიც სასჯელის აღსრულებას და, შესაბამისად, პატიმრებს შეეხება, როგორც ჩვენი, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ობიექტია.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რეფორმების განხორციელების პროცესში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ მიზნით, კანონით დადგენილი წესით, აქტიურად თანამშრომლობს მედიასაშუალებებთან. ვინაიდან დღესდღეობით, საზოგადოება ძირითადად ინფორმაციას ინტერნეტით იღებს, ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელების ერთ-ერთ ეფექტურ გზას ონლაინ მედია და საინფორმაციო სააგენტოები წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, როგორც წინა წლებში, წელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 10-ზე მეტ საინფორმაციო სააგენტოსთან თანამშრომლობს. სააგენტოებთან ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება. ხელშეკრულებები საჯაროა, განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და მისი გაცნობა ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლია. თანამშრომლობის მიზნით, სააგენტოების შერჩევისას მათი რეიტინგის, სანდოობის ხარისხის, თემატური მიმართულებების, მიზნობრივი აუდიტორიის, საფასო პოლიტიკის და სხვა გარემოებების გათვალისწინება ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ სასჯელაღსრუღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბენეფიციართა წრე ძალიან ფართოა, უწყების მიზანია, ინფორმაცია რაც შეიძლება, ფართოდ გაავრცელოს და მიაწოდოს ყველას, ვისაც პენიტენციურ და პრობაციის სფეროსთან რაიმე სახის შეხება და ინტერესი გააჩნია. ბაზარზე არსებულ ყველა საინფორმაციო სააგენტოს თავისი აუდიტორია ჰყავს, შესაბამისად, სამინისტროს ინტერესია, მისი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ყველა სეგმენტის ინფორმირება. ამისთვის უწყება აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებსაც, საკუთარ ვებგვერდს, ასევე, აკვირდება მედიამონიტორინგის შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებს და ითვალისწინებს მას.

 

გამჭვირვალედ მუშაობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამასთან, პენიტენციური სისტემის რეფორმა კვლავ გრძელდება და ახლო მომავალში, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლის დანერგვა იგეგმება. სამინისტრო მომავალშიც მზადაა, აქტიურად ითანამშრომლოს მედიასაშუალებებთან და მათი მეშვეობით მიაწოდოს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

big_banner
არქივი