logo_geo
გამთენიისას საქართველოს ბიორკი ესტუმრება
- +

28 ოქტომბერი. 2017. 00:46



პირველი არხის ინფორმაციით, ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოს დღეს, გამთენიისას ესტუმრება. სავარაუდოდ, მუსიკოსი სასტუმრო „რუმსში" დაბინავდება.


ცნობილი გახდა, რომ ბიორკის სურვილია, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების მკაფიოდ დაცვის გარდა, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით იყოს მორთული - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზატორებმა გაავრცელეს. როგორც SOU festival-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ბიორკის მოთხოვნა, რასაკვირველია, შესრულდება.


ბიორკი კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს.


დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით, თბილისს ასევე ცნობილი ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი ესტუმრება. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ორივე კონცერტზე უდირიჟორებს.


ბიორკის პროგრამა ორივე კონცერტის შემთხვევაში იდენტური იქნება. კომპოზიციები, ძირითადად, მისი 2015 წლის ალბომიდან Vunicura შესრულდება. Vulnicura Strings ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს.


ოპერის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი, რომელთა ფასიც 200-დან 590 ლარამდე მერყეობს.


ბიორკს კონცერტის გარდა დაგეგმილი აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სხვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა. 









 

big_banner
არქივი