logo_geo
ეკა კვალიაშვილი: დედის დაკრძალვაზე ვერ ჩამოვედი... აბსოლუტურად ყველაფერი გავყიდე...
- +

7 ნოემბერი. 2017. 20:50



მომღერალი ეკა კვალიაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" მის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მომღერალი ინტერვიუში აღნიშნავს, ის თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა და დღეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფება.


ეკა კვალიაშვილი: სიმართლე გითხრათ, შევწუხდი მამა პეტრეს საჯარო პოსტის გამო. არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, არ მინდა ჩემი პრობლემები ვინმეს თავზე მოვახვიო. მამაომ ჩემი ნებართვის გარეშე გააკეთა ეს განცხადება, ვიღაცამ ხომ უნდა თქვასო, მითხრა... როგორ გითხრათ, ეს პრობლემა დიდი ხანია დგას ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამჯერად გაცილებით მძაფრად... ეს ყველაფერი ერთი თაღლითი ადამიანის ბრალია. საკუთარ თავს ვცემ პატივს და მის გვარს არ დავასახელებ. მოკლედ, ათენში მიმიწვია ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში საბერძნეთში მოღვაწეობს, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და თბილისშიც აკეთებდა მანამდე კონცერტებს. დაგეგმილი იყო ჩემი კონცერტი ათენში. დამპირდა სტუდიის გაკეთებას, სადაც მეყოლებოდა მოსწავლეები და მექნებოდა ანაზღაურება. რომ გადავთვალე, ვიფიქრე, რომ ბოლოს და ბოლოს მეღირსებოდა სახლი. ჩავაბარე ჩემი დაგირავებული ბინა და თანხა მშენებარეში შევიტანე. არცერთი დაპირება არ შესრულდა. კონცერტი ჩავატარე, ამ ადამიანმა ყველაფერში გადამაგდო. არც კონცერტის თანხა, არც სტუდია, არც ბავშვები. სანამ წავიდოდი, ყოველდღე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, მამუკა, მე ყველაფერს ვყიდი, ბინას ვაბარებ, ხომ არაფერი შეიცვლება, არ დამაღალატო-მეთქი. აბსოლუტურად ყველაფერი გავყიდე იმისთვის, რომ წავსულიყავი და თანხა მშენებარე ბინაში შემეტანა...


- მახსოვს, თქვენი ქალიშვილი, ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში ავეჯის ფოტოებს აქვეყნებდა და წერდა, რომ ყიდდა, ისიც თქვენთან ერთად გეგმავდა წამოსვლას?


- კი, მას მერე, რაც მე მოვეწყობოდი და დავლაგდებოდი, ნუკასაც ჩავიყვანდი. მაგრამ, როგორც გითხარით, არცერთი პირობა არ შესრულდა... კონცერტი რომ ჩავატარე ჰონორარს ველოდებოდი. ამ დროს დედა გარდამეცვალა. ანგარიშზე პატარა თანხა მქონდა, რომელიც თბილისში გამოვაგზავნე ჩემს ძმასთან, რომ დედისთვის მიეხედა. არ ავადმყოფობდა დედა, ამ ამბავს არ ველოდი. ველოდებოდი ჰონორარს, რომ ბილეთიც ამეღო და ჩამოვსულიყავი... ვერ ჩამოვედი, დედის დაკრძალვაზე ვერ ჩამოვედი... იქ ჩემი კოლეგა იყო, მას ჩემს კოლეგად აღარც ვთვლი. რომელ დახმარებაზეა ლაპარაკი, არც მომისამძიმრა. ჩვენს ოჯახში გაიზარდა, დედაჩემს ძალიან კარგად იცნობდა. ჩემს ჰონორარს ვთხოვდი მამუკას, რომ დედის დაკრძალვაზე ჩამოვსულიყავი. ბოლოს იცით, რა მითხრა? არაფერზე არ მოგლაპარაკებივარო... გამოვიდა, რომ სულელი ვიყავი, ყველაფერი რომ გავყიდე და წავედი.


- რატომ ენდე ასე ამ ადამიანს?


- ბავშვობიდან ვიცნობდი. მის ორგანიზებულ კონცერტზე არაერთხელ მიმღერია. მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ კარგი დამოკიდებულება გვქონდა. რას წარმოვიდგენდი, რომ უცხო ქვეყანა ასე გაათაღლითებდა?!


- რა პერიოდი იყავი ათენში?


- 5 თვე. იქ ახლობლები მყავს, ექიმები, ძალიან კარგი ადამიანები არიან... ჩემთვის ეს სტრესი არაფრით არ შეიძლებოდა... დედაჩემს მობილურის ეკრანიდან დავემშვიდობე...


- ახლა სად ცხოვრობ?


- ხან სად, ხან სად. ხან ჩემს შვილთან, ნუკასთან ვარ, ხან ჩემს მეგობართან ვათევ ღამეს. ნუკა ერთოთახიანში ცხოვრობს, სტუდიოს ტიპის ბინაა და დროებით მასთან ვარ.

 

- მართალია, რომ მობილური ტელეფონიც არ გაქვს?

 

- დამივარდა, ეკრანი გაუტყდა და ვეღარ შევიძინე. მობილური და ყველაფერი მატერიალური მეორეხარისხოვანია ჩემთვის. მთავარი ადამიანობაა, ნდობაა, რომელიც თურმე ფუჭად მქონია. სულ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრების 9 წელი წამართვეს, მომპარეს. უმუშევარი დამსვეს, უფულოდ, უყველაფროდ. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ... ამას ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაემატა. ცოტა ხის წინ თავის საშინელი ტკივილები მქონდა, ისეთი, რომ გამაყუჩებელიც არ მშველოდა. ამ ყველაფერმა რომ გაიარა, მეორე პრობლემა დაიწყო. კოორდინაციის უნარი წამერთვა. პატარა ქუსლზეც ვერ ვდგები, ვბარბაცებ და მერიდება.


- ამას ემატება ისიც, რომ დღესაც არ ხარ რეალიზებული...


- არ ვიცი, რა მოხდა ამ ქვეყანაში. რა დაემართა გემოვნებიან, პრეტენზიულ ქართველ მსმენელს. მე არ ავყევი ფეხის ხმას, რასაც ფანოღი ჰქვია და, ალბათ, ესაა ჩემი უმუშევრობის მთავარი მიზეზი... ბევრ რაღაცას არ ავყევი, ბევრ, ჩემთვის მიუღებელ რაღაცას არ ავყევი. წინა მთავრობას არ ავყევი...


- მე ვიცი, რომ თბილისობის კონცერტზე თავად თქვი უარი...


- ისეთ დროს დამირეკა რუსა მორჩილაძემ, ძალიან ცუდად ვიყავი, ხომ ნახეთ, წეღან, თქვენს თვალწინ დავლიე ალერგიის წამალი. ახალი გაღვიძებული, გაბრუებული, გაციებული... ვერ ვიმღერე. იმ დღესვე უნდა ჩაგვეწერა სიმღერა. მე ისიც არ ვიცოდი, რომ მერე სცენაზე, უბრალოდ, პირი უნდა გაგვეღო მიკროფონთან... წამლების ქვეშ ვარ, ხვალ თუ იქნება ჩაწერა, მოვალ-მეთქი, ვუთხარი რუსას. ეს ერთი სმენა გვაქვს მარტო, შენ არ იცი, მერიაში რა ხდება, ვინ მომცემს იმის ფულს, რომ მეორე მოსმენა კიდევ ავიღოო, მიპასუხა. რა ვიცი, ადრე ჯემალ სეფიაშვილი რომ წერდა ასეთ მასშტაბურ სიმღერებს, სადაც ბევრი მომღერალი მონაწილეობდა, რამდენიმე სმენა ჰქონდა ხოლმე. ერთ სმენაში ასეთი სიმღერები არ იწერება.


- მართალია, რომ თავიდან ლელა წურწუმიას სიმღერის მღერა შემოგთავაზეს?


-  კი, თავიდან მითხრა რუსამ "ალალ მე" იმღერეო. კატეგორიული უარი ვუთხარი.


- რატომ?


- იმიტომ, რომ არაკოლეგიალურია. არ შეიძლება ცენტრალურ კონცერტზე, როცა სიმღერის შემსრულებელი მოქმედი მომღერალია, მისი გაჰიტებული სიმღერა შეასრულო. როცა თავად მილიონი სიმღერა მაქვს, რატომ ვაწყენინო იმ ადამიანს? ეს ჩემი სიმღერააო რუსამ, და ვისაც მინდა, იმას ვამღერებო. ვისაც გინდა ამღერე, ოღონდ მე არა-მეთქი, ვუთხარი. საერთოდაც, მე გადავწყვიტე, რომ ჩემს სიმღერებს ჩემს დაუკითხავად არავის არ ვამღერებ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მომღერალს გადაუსწრია სცენაზე და ჩემი სიმღერა უმღერია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი