logo_geo
განო მელითაური: გამარჯობა! მე 29 წლის ვარ - სამი შვილით და სამჯერ დაწყებული ახალი ცხოვრებით
- +

5 აპრილი. 2017. 02:48



ტელეწამყვანი განო მელითაური ჟურნალ „სითიში" თავის ცხოვრების შესახებ უყვება საზოგადოებას:


...ნაომარი თბილისი, პურის რიგები, დაღლილი ყოფა, პამპერსის მაგივრად ქსოვილის საფენები, საცერში გაცრილი და ნავთქურაზე ადუღებული ფაფები - ძველი დროის ნოსტალგიის გასაქარწყლებლად მნიშვნელოვანი არგუმენტია

 

თუმცა იმ ფუფუნებას, რასაც დიდი და შეკრული ოჯახები, ბებიების და ბაბუების ინსტიტუტი და სამსახურის არსებობის შემთხვევაში მეტი სტაბილურობა ქმნიდა, ჩემი თაობა ნაკლებად მოესწრო - უმრავლესობას ნაადრევად წაგვერთვა ბავშვობა. ჩვენ გარდამავალი კაპიტალიზმის შვილები ვართ, როცა წამზე უსწრაფესად იცვლება არსებული რეალობა; გაჩნდა ინტერნეტი, ახალი უნივერსიტეტები, მეტი სამუშაო ადგილები, გადავიტანეთ რევოლუციები, სკოლებში სოციალური დიფერენცირება ჩაცმის, მანქანების, სტატუსების მიხედვით, არადა წლების წინ ჩვენი მშობლების, ან მათი დედ-მამის თაობას ფორმები და წითელი ყელსახვევებიც ჰყოფნიდათ. ქალებიც, ხშირ შემთხვევაში, სახლის საქმეებს ხელმძღვანელობდნენ და მამების, ან ქმრების შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი. მაგრამ დამეთანხმებით, რომ ყველა ეპოქისთვის დამახასიათებელი იდეალური ფორმულა არ არსებობს. მაშინაც იყვენ დაკავებული ქალები, რომლებსაც დედები, გაუთხოვარი დეიდები, ან ქმრის ნათესავები ეხმარებოდნენ ბავშვების აღზრდაში, კერძო საბავშვო ბაღებიც არ არსებობდა და საჯარო ბაღშიც მეტი კომფორტი იყო. დროის ცვალებადობამ ქალების საჭიროებები და მოთხოვნები თავდაყირა დააყენა. ქალებს მეტი ამბიციები, უნარები და ხშირად გარდაუვალი აუცილებლობები, ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარი თავის დამკვიდრებისკენ, ზოგჯერ თვითგადარჩენისკენ უბიძგებთ. შესაბამისად, ნელნელა შემცირდა მოხალისეების ჩართულობა ჩვენი შვილების აღზრდაში, ბებიებისგან განსხვავებით, ჩვენმა დედებმა სამსახურები, ბიზნესები, ბლოგების წერა, ან მოგზაურობა დაიწყეს. ბავშვობისდროინდელი დიდი ოჯახებიც უფრო დაპატარავდა და თავის გასატანად ყველა საკუთარ ნაჭუჭში შეიკეტა. ქალებმა კაცების, კაცებმა ქალების, ან ორივეს როლი მოირგეს. გაიხსნა სპორტდარბაზები, მოგვეცა თავის მოვლის და დამკვიდრების მეტი შესაძლებლობა, დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია, არ არსებობენ უშნო, უუნარო, უჭკუო, ან დაჩაგრული `სუსტი სქესის" წარმომადგენლები... ქალებმა წარმატებისთვის ბრძოლა ისწავლეს. მე მჯერა, თუ ცხოვრების შეცვლა გინდა, ვერანაირი ძალადობა, კატაკლიზმები, იმედგაცრუება, ან დეპრესია გადაწყვეტილებას ვერ შეგაცვლევინებს. გამარჯობა! მე 29 წლის ვარ. სამი შვილით და სამჯერ დაწყებული ახალი ცხოვრებით.

 

ჩემი ცხოვრების კალეიდოსკოპი ტომ სოიერის ჯიბესავით მრავალფეროვანია. სავსე გამოწვევებით, იმედგაცრუებებით და თავგადასავლებით. თუმცა ერთი ოქროს წესი დავნერგე - არასდროს არაფერს ვნანობ და საკუთარი შეცდომებისაც არ მეშინია. უცხო თვალით ყოველთვის გაპრიალებული ჩანს ზედაპირი, ამიტომ სისულელეა ვინმეს დადანაშაულება, რატომ ვერ იგებენ ზოგჯერ სიღრმისეულად ჩვენს პრობლემებს. ტრაგედია, რომელიც მე და ბავშვებმა გადავიტანეთ, შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე, მაგრამ დანაკარგმა სიბრძნე და სევდასთან მეგობრობის ჩემეული ხერხები მასწავლა. 11 აპრილი სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. დღე, როცა ჩემს მუცელში აკუმულირებულმა, უკვე მესამე სიყვარულის ენერგიამ, თვითმკვლელობისგან მიხსნა. მერე დრო გავიდა, ამინდებმა გასწრობანა ითამაშეს და როცა ფოთლებისფერმა კაცუნებმა მწვანე მოსასხამები გახუნებულ მზისფერს გადაულოცეს, ელენე-ლოლა თოლორდავა მოევლინა სამყაროს. დღეს წლის და ოთხი თვის ადამიანია, სხვებზე მეტი გამოცდილებით, აუხსნელი სიმშვიდით და ენერგიით. სიცილის დროსაც სევდის ბურთებით იყურება და გაასმაგებულ სტიმულს მაძლევს გავხდე უკეთესი. ვიცი, ჩემი დარჩენილი დღეები და ღამეები არ ეყოფა შეგრძნებების ამოვსებას, რაც ორსულობის პერიოდში დავაკელი, ვერ შევუვსებ უმამობას, მაგრამ ერთ დღესაც, როცა დიდი, ლამაზი გოგონა გაიზრდება და შეკითხვების დასმას დამიწყებს, როცა ვუამბობ, როგორ დამანგრია დანაკარგმა, მსოფლიოში ყველაზე სევდიანი თვალებით შემომხედავს და ყველაფერს მაპატიებს. ისიც მჯერა, რომ თარაშ-თომას ღირსეულ მამაკაცად გავზრდი და მამამისივით დიდი დანკოს გული ექნება. ტასო სამყაროს მირჩევნია, ჩვენ, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ; როცა ტრაგედიის შესახებ მომიწია მეთქვა, 3 საათი გათიშული ებრძოდა ტკივილს, მერე გონს მოვიდა და საკუთარ თავზე მეტად იყო გაზრდილი...

 

ჩვენი დილა შვიდის ნახევარზე იწყება, ვიდრე გარეთ ქუჩის განათება და მძინარე აივნები ებრძვიან სიზმარეთს. ლოლა წუწუნით ბობღდება ლოგინიდან, თან ბუთქუნა ხელებს ტუჩზე იდებს წინასწარ, რომ არ დავასწრო შენიშვნის მიცემა. 10:00-ზე სამსახურში უნდა ვიყო, თორემ ბიუროკრატიის მსხვერპლი გავხდები. ლოლას ფაფა, ჩაცმა, თარაშის გაღვიძება-მომზადება, ტასო მეცადინეობას გვიან მორჩა, არ უნდა გავაღვიძოთ. ქირიას პრეზენტაციას ლანჩზე დავწერ, - ვფიქრობ. უკვე მანქანაში ვართ; თარაში საჭესთან დაჯდომას მთხოვს წუწუნით, ვითანხმებ, რომ უკანა გზაზე დავსვამ და ბაღის კიბეებზე ასულს კოცნას ვუგზავნი. საღამოს ორი გამოცდა მაქვს, 3-ზე  -  ეთერი, პირველზე ტასო სკოლაშია წასაყვანი, იქიდან ხუთზე უნდა წამოვიყვანო. 7-ზე თარაშს უნდა მივაკითხო ბაღში, სახლში დავტოვო და მერე მაგისტრატურის ლექციებია. ოთხ დღეში ორდღიანი საერთაშორისო სემინარი მაქვს ჩასატარებელი - სამსახურში სტუმრების გრძელი სია დამხვდება, ექვსამდე ყველაფერი უნდა მოვასწრო, არადა სამსახური ნუცუბიძეზეა, სკოლა - ვერაზე, კავკასიის ტელევიზია - ორთაჭალაში, ბაღი - ვაკეში, მაგისტრატურა - ვერაზე, მანქანა ერთი მყავს... არა უშავს, დედა, მამა, ძიძა... რა მოხდა, თუ ლექციების მერე ბავშვებთან მინდა ყოფნა, საუბარი, ჩახუტება, დაძინება. მეცადინეობას ღამეც მოვასწრებ. ამას ემატება სამზე გამრავლებული ნებისმიერი ვირუსი, თვეში მინიმუმ ორჯერ ქეთი ნემსაძის კლინიკა, ტასოს, თაშოს, ლოლას და მათი მეგობრების დაბადების დღეების საჩუქრები, დღესასწაულების ორგანიზება, პროდუქტი, რომელიც რა რაოდენობითაც არ უნდა მოვიტანო, აუცილებლად დამაწევენ სამსახურში მისულს, რომ რძე, ფაფა, სუდოკრემი, ან სხვა რამე გათავდა და საყიდელია. ამას ემატება კვირას კოტეს დედასთან ორი ბავშვით ვიზიტი, იშვიათად - ჩემი სანუკვარი მეგობრების მონახულება, მაგრამ იქაც დამეწევა ხოლმე, რომ გამწოვი გაფუჭდა, დინამიკი გადაიწვა, ან რაღაც ამგვარი. ღამე, ფაქტობრივად, არ მძინავს, მაგრამ ოფიციალურ ღონისძიებებზე, რომლებიც თვეში ორჯერ ყოველთვის მაქვს სამსახურში, რესპექტაბელურად უნდა გამოვიყურებოდე.

 

ეს საგიჟეთი ყოველდღე ხდება, თუმცა სამი ათინათის ხათრით რეალობის შეყვარება ვისწავლე... და ღამე? თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ: ერთ დღესაც, ბევრი წლის შემდეგ, ჩემს აივანთან დირიჟაბლი ჩამოდგება, რომელსაც მარტო მე დავინახავ, ყველა იმედგაცრუებას და წყენას აივნის მიღმა დავტოვებ და უკანმოუხედავად გავყვები უსასრულობაში..." - განო მელითაური.


წყარო ჟურნალი: citymagazine.ge

 

 

 

big_banner
არქივი