logo_geo
გიორგი ამილახვარი: განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი არის დოკუმენტი, რომელიც საფუძველს უყრის ზოგად განათლებას
- +

1 მარტი. 2024. 00:26

"იმ გამოწვევების პირობებში, რომელიც ზოგადი და სასკოლო განათლების წინაშე დგას, იმ გლობალური განვითარების, ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში რომელშიც დღეს, ჩვენც და მსოფლიოც ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა განათლებასაც სჭირდება ფეხის ადგმა, "- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

მინისტრის თქმით, განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი არის დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად, არის ზოგადი განათლების კონსტიტუცია და განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებსა და პოსტულატებს, თუ როგორი მოქალაქის და ადამიანის აღზრდა გვინდა საქართველოში, მათ შორის ზოგადი განათლების ჭრილში.

 

 

განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი არის დოკუმენტი, რომელიც საფუძველს უყრის ზოგად განათლებას. 2004 წელს არის ეს დოკუმენტი მიღებული და 20 წელია მისი განახლება არ მომხდარა. გვინდა ეს დოკუმენტი იყოს ფართო ჩართულობით მიღებულია და მთავარი საფუძვლები, რაც ჩვენ აღნიშნულ დოკუმენტში ჩავდეთ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, არის პატრიოტული და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივება, ეროვნული იდენტობის განმტკიცება, ჩვენი ისტორიის, კულტურის, სახელმწიფო ენის კიდევ უფრო სიღრმისეულად ცოდნა და პატივისცემა. ოჯახის ინსტიტუტი - ეს არის მნიშვნელოვანი რაც ჩვენ გვინდა ჩვენს ახალგაზრდებში უფრო გავაღვივოთ. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მხოლოდ ჩანაწერი იყოს“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

 

 

მინისტრმა, ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებს მოუწოდა, გააცნონ თავიანთი რეკომენდაციები, თუ როგორ წარმოუდგენიათ ამ პროექტის დახვეწა.

 

 

ამ დოკუმენტის დამტკიცებისთანავე, ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ძირითად მიზნებს და შედეგებს, თუ რა მიზნებზე უნდა გადიოდეს თითოეული საგანი თითოეულ კლასში, იქნება გაწერილი და განსაზღვრული. ეს არ გულისხმობს რაიმე ახალი საგნების დამატებას ან არსებულის გაუქმებას, თუმცა გულისხმობს ყველა სასკოლო საგნის მორგებას ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. თავის მხრივ, დაიწყება სახელმძღვანელოების სრულად განახლების ან მორგების პროცესი“, - განაცხადა ამილახვარმა.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება და ამ მიზნით უახლოეს დღეებში სამინისტრო დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყებს.

big_banner
არქივი