logo_geo
„უსაფრთხოების სკოლის“ მეხუთე სეზონი დასრულდა
- +

7 მარტი. 2024. 17:20

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სკოლა“ დასრულდა. მეხუთე  სეზონზე პროექტში მონაწილეობა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების 29 სტუდენტმა მიიღო.

 

კურსის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა და მათ წარმატება უსურვა.

 

პროექტის მონაწილეებს 10 დღის განმავლობაში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ უსაფრთხოების სფეროს პირველ პირებთან. სტუდენტებს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებმა გააცნეს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების სპეციფიკა, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობა, ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, კორუფციული დანაშაულის პრევენციის მეთოდები, ასევე, უსაფრთხოების სხვა არაერთი მნიშვნელოვანი თემა და მათთან მიმართებით ქვეყნის პოლიტიკა. გარდა ამისა, სკოლის მონაწილეებმა გაიარეს ფიზიკური მომზადების კურსი, ისწავლეს საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირება და თავის დაცვა.

 

უსაფრთხოების სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტია. მისი იდეა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და უსაფრთხოების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაა. სკოლაში მოსახვედრად ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები შესარჩევ კონკურსს გადიან. სხვადასხვა სეზონზე უსაფრთხოების სკოლაში ასზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

 

პროექტის პარტნიორები არიან იუსტიციის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა“. უსაფრთხოების სკოლას ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მეხუთედ უმასპინძლა.

 

big_banner
არქივი