logo_geo
კახა კალაძე ილია თოფურიას: ფეხბურთელების და გულშემატკივრებისთვის დიდი სტიმულია, რომ მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენ
- +

21 მარტი. 2024. 16:03

 

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას თბილისის მერიაში უმასპინძლა.

 

კახა კალაძემ მას პირადად მიულოცა მოპოვებული გამარჯვება და მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.

 

„გულწრფელად მინდა მოგილოცო მიღწეული გამარჯვება. საამაყო ადამიანი ხარ და შრომის ფასი იცი. შენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვებაა. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული ხარ და მჯერა, შენს გულშემატკივრებს წინ მეტი სიხარული გველოდება. მინდა იცოდე, რომ უამრავ ქართველს უყვარხარ. ასევე, გილოცავ ღირსების ორდენს, რომელსაც დღეს გადმოგცემენ. კაცურად და ღირსეულად გეტარებინოს ეს ჯილდო“, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ილია თოფურიას ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.

 

„დღეს მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და კიდევ უფრო დიდი სტიმულია ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრისთვის, რომ მატჩის დაწყებამდე ქამარს წარადგენ. დარწმუნებული ვარ, დღეს კიდევ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ქართველმა ჩემპიონმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის და ასევე, ყველა გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის.

 

„მადლობა თქვენ და ყველას, გვერდში დგომისთვის. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა გულშემატკივრობამ ჩემს მიმართ, რაც საქართველოში ამ დღეებში ვიგრძენი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს „დინამო არენაზე“ მაყურებლის წინაშე წარვდგები “, - აღნიშნა ილია თოფურიამ.

 

UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი სამშობლოში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოფრინდა. დღეს, „დინამო არენაზე“ საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარადგენს.

 

big_banner
არქივი