logo_geo
ირაკლი ნადარეიშვილი: ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ლაბორატორია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მის პრაქტიკულ გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული
- +

22 მარტი. 2024. 11:04

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „ეთიკური ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტანდარტები საჯარო სექტორში“, რომელიც USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

 

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაში და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში. მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე. მათ შორისაა, ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის ჩარჩოს განსაზღვრა ეკონომიკური ამოცანებიდან გამომდინარე.

 

„ჩვენი ამოცანაა, შევიმუშაოთ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ეკოსისტემის სწრაფ და ინკლუზიურ განვითარებას ქვეყანაში, ასევე უცხოური ინვესტიციებისა და ექსპერტიზის მოზიდვას. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფარგლებში ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებაზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის და პროდუქტიულობის გაზრდისთვის.  აქ როგორც იცით  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ლაბორატორია ასევე იმუშავებს ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარების ამოცანაზე, რადგან ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ქართულმა ენამ არ დაკარგოს თავისი კონკურენტუნარიანობა.

 

„დღეს უკვე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობასა და სწრაფ განვითარებაზე საუბარი ხელოვნური ინტელექტის გარეშე, რომელიც გლობალური მასშტაბით წარმოუდგენელი სისწრაფით ინტეგრირდება არა მხოლოდ  ეკონომიკის ყველა სექტორში, არამედ ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს და მის ყველა მონაწილეს და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

 

big_banner
არქივი