logo_geo
პრემიერი: 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე, რაც განსაკუთრებული სიამაყის საგანია
- +

27 მარტი. 2024. 14:22

 

 

„30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე ჩვენ პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიამაყის საგანი“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერმა ყველა მიულოცა ისტორიული გამარჯვება და წარმატება.

 

„დღეს გვაქვს განსაკუთრებული, ემოციური დღე და შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა. მინდა, ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, ისტორიული წარმატება. ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს და რაც მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს ვულოცავ, ბუნებრივია, ამ გამარჯვებას. გუშინ ნამდვილად ისტორია დაიწერა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე ჩვენ პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიამაყის საგანი. სიტყვებით შეუძლებელია ამ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. ესეც ძალიან თამამად შეიძლება ითქვას.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ფეხბურთელებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, რომლებმაც მართლა სული და გული ჩადეს გუშინდელ გამარჯვებაში, ასევე -  რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბს ვილი სანიოლის, ჩვენი საამაყო ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით და ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, ვიცე-პრეზიდენტებს, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა. წლების მანძილზე იქმნებოდა ის წარმატება, რომელსაც ჩვენ საბოლოო ჯამში გუშინ მივაღწიეთ. ასევე მინდა მივულოცო ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, მათ ათწლეულების მანძილზე შექმნეს ეს გამარჯვება, ჩვენს ვეტერანებს ვულოცავ, 13 მაისის გმირებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს განსაკუთრებით მინდა მივულოცო. მინდა მივულოცო, რა თქმა უნდა, ნაკრების ყველა თაობის ფეხბურთელებს, თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. მათ მოიტანეს ეს გამარჯვება, რომელიც ჩვენ გუშინ შევქმენით და რომელიც მოგვიტანეს ჩვენმა ბიჭებმა“, -  განაცხადა პრემიერმა.

 

big_banner
არქივი