logo_geo
ზვიად გამსახურდია - „მიმართვა ქართველ ახალგაზრდებს“
- +

23 იანვარი. 2017. 03:57



საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიტყვა, წარმოთმქული სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენციაზე, 1990 წელს:


„დიდად სასიამოვნოა ჩვენთვის ამ კონფერენციის მოწვევა, მაგრამ არ არის დასამალი, რომ ჩვენ ახალგაზრდობასთან პრეტენზიები გვაქვს. იცით, რომ ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი დასაყრდენი ჩვენი მოძრაობის. მაგრამ, კარგად გამიგეთ, არ იფიქროთ, რომ აქ ან რექტორს მოველაპარაკე, ან პედაგოგებს. ეს ჩემი აზრია. ვიფიქროთ ძირითადად იმ საქმიანობაზე, რისთვსაც თქვენ ხართ ამ დაწესებულებაში. სხვა საკითხია, რომ განათლების სისტემას სჭირდება რეორგანიზაცია, გაუმჯობესება. ამისთვის ჩვენც ვიბრძვით, თქვენც იბრძოლეთ. მაგრამ აკადემიური მოსწრება რასაც ჰქვია, ეს არანაკლებ სერიოზულია, მეგობრებო, ვიდრე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა. ეს არ გეგონოთ ტრადიციული ჭკუის დარიგება თქვენზე ასაკით უფროსი ადამიანის მიერ, არა, მეგობრებო! მე ამას გეუბნებით, როგორც თანამებრძოლებს და კოლეგებს. გახსოვდეთ, რომ ეროვნულ მოძრაობას სჭირდება ყოველმხრივ განათლებული, სპეციალობაში კარგად მომზადებული ადამიანები. ეს არ უნდა იყოს უწიგნურთა მოძრაობა, სხვაგვარად არ გამოვა, მეგობრებო! სასწავლო დაწესებულებების გაფიცვები ჩვენ ნუ გვიტაცებს. არ გვაქვს ჩვენ ისე ცუდად საქმე, მეგობრებო, რომ თქვენს ხარჯზე მოვაწყოთ გაფიცვები. მთელი საქართველო ჩვენთან არის. რა გვიჭირს იმის ფასი, რომ თქვენ ჩამოგარჩინოთ სწავლაში. აი, მე გთხოვთ ყველას, გთხოვთ სერიოზულად, მეტი იფიქროთ პროფესიის დაუფლებაზე. ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ ვართ უსაქმურთა და ზარმაცთა თავშესაფარი. მე ეს ნოემბრის შიმშილობაზეც ვთქვი, აპრილის დღეებშიც ვთქვი, ყოველთვის ვამბობდი ამას, მეგობრებო და ეხლაც ვიმეორებ.

 

მეორე ამბავი ის არის, მეგობრებო, რომ ძალზე მძიმე მდგომარეობაა ზნეობის თვალსაზრისით. ას შვიდი მკვლელობაა ამ უკანასკნელ ხანში თბილისში და ამას სჩადიან უმთავრესად ახალგაზრდა ადამიანები. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ ასეთი ადამიანები ერის მოღალატეებად, ეროვნული მოძრაობის მოღალატეებად და მათი ფოტობრალდებებით და ბიოგრაფიებით "უკვდავყოფთ" მათ, როგორც ერის მოღალატეებს. სხვა გამოსავალი არ არის. თან გვაქვს მონაცემები, რომ ჩვენი მოსისხლე მტერი ფარულად წარმართავს ყოველივეს. ძალიან გთხოვთ, აი, ამაში ამოგვიდგეთ მხარში. ჩვენ პოლიტიკური თეორიების შექმნაში მოხმარება არ გვჭირდება. კი, ბატონო, თქვენც შექმენით, მაგრამ მოდით, ზნეობის საკითხებში უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს, რომ არ დავღუპოთ ერი, მეგობრებო!

 

მინდა, კიდევ გისურვოთ, რომ ახალგაზრდობა უფრო ინტენსიურად ჩაებას რელიგიურ ცხოვრებაში. ღვთისმეტყველების და რელიგიის გარეშე არ არსებობს არავითარი განათლება, მეგობრებო! ეს კომუნისტებმა შემოიღეს ანტირელიგიური განათლება. მოვექცეთ რწმენაზე საქმით, პრაქტიკულად, ვინაიდან "სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს", როგორც არის ნათქვამი ბიბლიაში. აი, ეს არის ჩვენი სურვილები.

 

ისევ ზნეობას დავუბრუნდეთ. საშინელი მდგომარეობაა სკოლებში ზნეობის მხრივ. რა მეტყველებაა, რა მეტყველებაა სკოლებში; რა ენაზე მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობა?! დაივიწყა წინაპრების ენა, წინაპართა სარწმუნოება, გადავიდა საშინელ მეტყველებაზე, რომელიც ყურით არ მოისმინება. აი, რას უნდა ვებრძოლოთ პირველ რიგში, მეგობრებო, და მერე ვიმსჯელოთ მაღალ პოლიტიკურ საკითხებზე და მერე გავარჩიოთ მსოფლიო პოლიტიკის და თუნდაც შიდა პოლიტიკის საკითხები. შეძრული ვარ, ისეთი სიტყვები მესმის, როდესაც დავდივარ სკოლებში. მეტყველება სულის ანარეკლია, მეგობრებო! ის სულის გამოხატულებაა. ეს ამ კომუნისტურმა წყობამ გადააგვარა ასე ადამიანები, კომუნისტურმა წყობამ წაართვა რელიგია, ზნეობა. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ყოველივე ამას, თუ გვინდა, რომ მართლაც ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი ერი ვერასოდეს ვერ იქნება დამოუკიდებელი, თუ ის ზნეობრივად არ ამაღლდა, რელიგიურად არ ამაღლდა, მეგობრებო! ესეც უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რამეთუ ისტორიამ იცის სასჯელები, მე დიდ დავით გურამიშვილს გაგახსენებთ. როგორ უკავშირებს ის საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და მის უბედურებას რელიგიის დაკარგვას და ზნეობის დაცემას. ხომ გვახსოვს ყველას "ქართლის ჭირი".


მე კიდევ ვიმეორებ და გთხოვთ, რომ ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებს, ყველას მოვუწოდოთ, რომ აღარ მოხდეს ჩვენს თბილისში, მთელ საქართველოში ის მახინჯი მოვლენები, რომლებმაც ჩვენს ახალგაზრდობას სახელი გაუტეხა. აი, ეს არის ჩემი უპირველესი სურვილი."


მასალა ჩაიწერა და მოამზადა დალი ქვირიამ. 


 

big_banner
არქივი