logo_geo
ამირან გამყრელიძე: ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქეს არც ერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა
- +

31 იანვარი. 2020. 11:55

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელიც ჩინეთიდან სამშობლოში სხვადასხვა გზებით ჩამოვიდნენ, არც ერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა.

 

როგორც ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორივე მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„ორ ჩვენ თანამემამულეს, რომლებიც შემოვიდნენ ჩინეთიდან სხვადასხვა გზებით, ერთმა თავისით მიმართა საავადმყოფოს და ერთი მომატებული ტემპერატურის გამო აეროპორტიდან გადაიყვანეს ინფექციურში, გრიპზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ, შედეგი აღმოჩნდა ნეგატიური, ანუ გრიპი არ იყო. გუშინ საღამოსთვის მათი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. გუშინვე აუღეს სინჯები მოლეკულური კვლევებისთვის, ლუგარში გასატესტად. ლუგარში ორჯერ მოხდა გატესტვა, რათა დავრწმუნებულიყავით, ჩვენ ვადგენთ 22 ვირუსზე რეაქციას, მათ შორის, ხუთი კორონავირუსის ტიპზე. ასევე მერსიკოვზე, ეს გახლდათ კორონავირუსი, რომელმაც გამოიწვია 2012-ში შუა აღმოსავლეთში ეპიდაფეთქება. პირველი ტესტი იყო ყველაფერზე უარყოფითი, გადამოწმდა მეორედ და დილის მონაცემებით დადასტურდა, რომ არც ერთ ვირუსზე დადებითი რეაქცია არ იყო. ჩვენ დღეს არ გვაქვს სუბტიპი კორონავირუსის, რომელიც დღესდღეობით ტრიალებს ჩინეთში, ამის გამო მაინც მათი რნმ გაიგზავნა როტერდამში,  რათა მოხდეს გატესტვა იმ სუბტიპზეც, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ არ გვაქვს საქმე კორონავირუსის იმ სუბტიპთან. ჩვენ იმედი გვაქვს რომ კორონავირუსის სუბტიპი სამშაბათს-ოთხშაბათს უკვე გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, მოსახლეობას მიაწოდონ სწორი ინფორმაცია.

 

მისივე თქმით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში ინფექციის იმპორტი და თუ ეს იქნა, შესაბამისი გადაუდებელი ზომები გატარდეს.

 

 

big_banner
არქივი