logo_geo
საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან დეტალურ რეკომენდაციებს ელოდება
- +

31 იანვარი. 2020. 12:33

 

 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან დეტალურ რეკომენდაციებს ელოდება.

 

გამყრელიძის თქმით, საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის გამოცხადებით ე.წ. განგაშის თამასა მთელ მსოფლიოზე გავრცელდა.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიმართა რეკომენდაციით, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ იყო მხოლოდ ჩინეთისთვის, გავრცელდა მთელ მსოფლიოზე. ანუ, საჭიროა, რომ ყველა ქვეყანაში იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ინფექციის პრევენციისა და ინფიცირებული ადამიანების, თუ ისინი იყვნენ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის.

 

დღევანდელი სტატისტიკა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით ასეთია: სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად იზრდება და ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 დღის განმავლობაში 1982-ით გაიზარდა, ანუ, არის ლაბორატორიულად დადასტურებული 9652 შემთხვევა, მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში.

 

სამწუხაროდ, მომატებულია სიკვდილიანობა. ამ დაავადებით გარდაცვლილია უკვე 213 ადამიანი და, ასევე, დაკვირვების ქვეშაა ათასობით ადამიანი.

 

ჩვენ დღეს და ხვალ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციებს მივიღებთ. ეს რეკომენდაციები დაყოფილია სამ ჯგუფად: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ველოდებით, რომ დღის ბოლოსთვის იქნება უკვე კონკრეტული რეკომენდაციები ევროპის ქვეყნებისთვის,

 

გამომდინარე გუშინდელი რეკომენდაციებიდან, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო მიჰყვება და აკეთებს ყველაფერს, რასაც დღეს ეს რეკომენდაციები გვეუბნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი