logo_geo
გასულ წელს აჭარას ყველა მეტი ვიზიტორი თურქეთიდან სტუმრობდა
- +

31 იანვარი. 2020. 13:51

 

გასულ წელს აჭარას 2 002 540 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 3.7%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს.

 

სტატისტიკას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქვეყნებს.

 

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გაზრდილია აჭარის სამივე ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში 7.9 %, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 4.5 %, ხოლო ბათუმის პორტში 17.3 % ზრდას აჩვენებს.

 

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რეგიონში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან განხორციელდა, თუმცა მოგზაურების რაოდენობა მზარდია ევროპული ქვეყნებიდანაც. კერძოდ, ესტონეთიდან +67.3% ზრდა დაფიქსირდა, ლატვიის შემთხვევაში – +103%, ლიეტუვადან +59.6% ზრდაა, გერმანიიდან კი +27.7% ზრდა დაფიქსირდა.

 

რაც შეეხება ტოპ ხუთეულს, საიდანაც აჭარაში რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ლიდერობს თურქეთი 894 750, აზერბაიჯანი 206 412, რუსეთი 106 276, ისრაელი 100 992 და უკრაინა 59 342.

 

„2019 წელი ტურისტულად გამორჩეული იყო რეგიონისთვის, როგორც მოგზაურების რაოდენობის, ისე საერთაშორისო მიღწევების კუთხით. გასულ წელს, ბათუმმა მოიპოვა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული ქალაქის პრესტიჟული ჯილდო. ჩვენი რეგიონი დასახელდა ცნობილი გამომცემლობების და პოპულარული ტურისტული პლატფორმების მიერ საინტერესო, ტრენდულ და მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად, რამაც კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

 

 

big_banner
არქივი