logo_geo
ზაზა გაბუნია: მალე გვექნება მზა რეკომენდაციები უსახლკარო მოქალაქეების დასახმარებლად
- +

31 იანვარი. 2020. 16:08

 

 

„რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ვიწყებთ თემატური მოკვლევის განხორციელებას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების, იმ მოწყვლადი ჯგუფების, რომელიც დღეს უსახლკაროდ ითვლებიან, სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფას უკავშირდება. ჩვენ გვაქვს ამ თვალსაზრისით ვალდებულებები აღებული, მაგალითად OGP-ის წინაშე, მაგრამ მთავარი ვალდებულება არის კონსტიტუციური ჩანაწერი, რომლითაც ჩვენ ვთქვით, რომ სოციალური სახელმწიფო ვართ და მათ შორის, რა თქმა უნდა, ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა არის ჩვენი ვალდებულება“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომაზე, სადაც საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი ზეპირი მოსმენა გაიმართა.

 

ზაზა გაბუნიას თქმით, სახელმწიფოს სჭირდება ერთიანი, მწყობრი პოლიტიკა და სტრატეგია ამ პრობლემის დასაძლევად და პარლამენტი სხვა უწყებებთან ერთად, სწორედ ამ მიმართულებით იწყებს მუშაობას.

 

მისივე თქმით, პროცესში აქტიურად იქნება ჩართული ცენტრალური ხელისუფლების უწყებები, მუნიციპალიტეტები და ამავდროულად, ძალიან ფართოდ იქნება წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც წლების განმავლობაში ამ საკითხზე მუშაობდა.

 

ჯგუფის სხდომაზე მოხსენებები აღნიშნული მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელმა მარიამ ჯანიაშვილმა, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდიდან ანანო ცინცაბაძემ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან ბექა ჯავახაძემ წარადგინეს.

 

შეხვედრაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი- გიორგი წოწკოლაური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და  საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობდნენ.

 

თემატური მოკვლევის ჯგუფი კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით შეიქმნა და მის მიზანს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენს. ჯგუფი ასევე შეისწავლის საქართველოში ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებულ ვითარებას და იმას თუ რა ღონისძიებები ხორციელდება ქვეყანაში ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

ჯგუფის მიზანია, ასევე, გამოკვეთოს ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები, რისი გამოსწორებაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მწყობრი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილების მიმართულებით.

 

თემატური მოკვლევის ბოლოს, მოკვლევის ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას და დასკვნიდან გამომდინარე რეკომენდაციების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

 

„სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრისთვის ჩვენ გვექნება მზა და ჩამოყალიბებული რეკომენდაციები, რომელიც, ვფიქრობ, დაეხმარება მთავრობას და ზოგადად, ყველას, ვინც ამ საკითხზე მუშაობს“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

big_banner
არქივი