logo_geo
ირმა ხარშილაძე: დღეს კლასიკოსი მწერლის, პუბლიცისტის, დრამატურგის - თამაზ ჭილაძის დაბადების დღე იყო...
- +

6 მარტი. 2020. 13:56

 

 

ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე სოციალურ ქსელში მწერალ თამაზ ჭილაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

 

„დღეს გრძელი დღე იყო... გრძელი და მძიმე... ბევრის მომცველი და დამტევი... იყო ცრემლიც - განშორების, დამშვიდობების, გაცილების, რომლის შეკავებასაც ძალიან ცდილობ და ყელში ბურთს გჩრის; იყო სევდაც, სიყვარულისა და მონატრების გამძაფრებულად შეგრძნების; იყო მზეც, ყვავილებიც და უნებლიე შეხვედრაც წიგნებთან, ახალ იდეებსა და გრძნობებს რომ აჩენს; იყო შემოღამება... წყლის პირას ხმამაღლა წაკითხული ლექსები... ლექსები... ლექსები... და მეგობრები...

 

დღეს კლასიკოს მწერალს, სცენარისტს, მთამსვლელს - გურამ გეგეშიძეს დავემშვიდობეთ... დღეს კლასიკოსი მწერლის, პუბლიცისტის, დრამატურგის - თამაზ ჭილაძის დაბადების დღე იყო... ჩემი ორი მეგობრის... ორი უფროსი, გამორჩეულად საყვარელი მეგობრის...

 

ბატონ გურამზე ცალკე დავწერ...

 

ბატონ თამაზზე კი იმას გავიმეორებ, რაც მასზე მოგონებების წიგნისთვის დავწერე... ეს ჩემი რამდენიმე მოგონებიდან ერთ-ერთია იმ წიგნიდან, რომელსაც „55 ამბავი თამაზ ჭილაძეზე“ ჰქვია...

 

და ეს მოგონება ჩვენს „მარტელობას“ უკავშირდება...

 

„მარტელი

 

ბატონ თამაზ ჭილაძესთან ერთად ხანგრძლივ სატელეფონო საუბრებს, სტუმრობასა და ინტერვიუებს უკვალოდ არ ჩაუვლია. მხოლოდ ჟურნალისტ-რესპონდენტი კი აღარ ვიყავით, მან მეგობარი მიწოდა და უკვე - „მარტელებად“ ვიქეცით: იგი - 5 მარტს დაბადებული და მე - 4 მარტს. მახსოვს, ერთხელ, ჩვენი მეგობრობის გარიჟრაჟზე ჩავეკითხე: მარტში დაბადებულ ადამიანებს ცვალებადი ბუნება აქვთ, ხანდახან გიჟურიც, ინტუიციითაც გამოირჩევიან, გაბუტვაც სჩვევიათ და გულისხმიერები და ყურადღებიანებიც არიან, მეოცნებენიც, როგორია „თქვენი მარტის“ ბუნება-მეთქი? გაოცებულმა შემომხედა და სიცილით მიპასუხა, - ანუ, თქვენი სიტყვით, მარტში დაბადებულ ადამიანს ყველა ის თვისება ჰქონია თანდაყოლილი, რაც, საერთოდ, ახასიათებს ადამიანს. არ ვიცი, სხვა დროს დაბადებულ ადამიანებს რა თვისებები დავუტოვეთ, მაგრამ, სხვა რა დამრჩენია, მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, მაინცდამაინც მარტში რომ გამაჩინაო...

 

ბევრჯერ უთქვამს, - რა კარგი ტანდემი გამოგვივიდა, ერთმანეთის რა კარგად გვესმისო. ბატონმა თამაზმა იცოდა, რომ მისი თითოეული საქებარი და თბილი სიტყვა მაბედნიერებდა და სტიმულს მაძლევდა, ამიტომაც არასდროს იშურებდა ჩემთვის... და ჩვენი მეგობრობაც წლიდან წლამდე მყარდებოდა, მასთან ერთად კი, მანათლებდა, მამდიდრებდა და სამყაროს საუკეთესო კუთხე-კუნჭულებს მიჩვენებდა... ამ ტანდემის მუდმივი თანამგზავრი იყო ბატონი თამაზის უსათნოესი უმცროსი და, ძმების მიერ „დედის მაგიერად“ წოდებული ქალბატონი თინა. ამ ორ შესანიშნავ ადამიანთან, თბილისური საღამოების გარდა, მაკავშირებს უდიდესი ზუგდიდ-ანაკლიური მოგონება, რასაც ამ ქვეყნად ვერაფერი გაახუნებს ან წაშლის“... - წერს ირმა ხარშილაძე.

 

 

big_banner
არქივი