logo_geo
გიორგი გახარია: არც ერთ შემთხვევაში ახლა არ არის პანიკის დრო
- +

13 მარტი. 2020. 15:47

 

 

„არც ერთ შემთხვევაში ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ნაბიჯებისა და ქმედებების დრო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა წარადგინა.

 

მისი თქმით, ახალი კორონავირუსი გლობალური გამოწვევა, რომელსაც პირველ რიგში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ.

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის პირველივე დღიდან უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მოქალაქეების ჯანმრთელობა. პრემიერმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც მთავრობამ მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად გადადგა.

 

„ღონისძიებები და ნაბიჯები იყო გადადგმული პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ხოლო შემდგომ, რა თქმა უნდა, მეორე, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, ეს გახლავთ ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ, რათა ნაკლებად აისახოს ეკონომიკაზე ზეგავლენა, რომელიც აუცილებლად იქნება. რაც შეეხება, ჯანმრთელობის ნაწილს, მოგეხსენებათ, რომ საქათველოს მთავრობამ პირველივე დღიდან შექმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ რეჟიმში და შესაბამისად ახორციელებს და დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კარგად არის ცნობილი და თითოეულმა ჩვენგანმა უკვე კარგად იცის“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მისი თქმით,  გამკაცრდა კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე, ასევე გამკაცრდა კონტროლი თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფ მოქალაქეებზე. ამასთან ერთად, დროებით შეჩერდა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გაიცა რეკომენდაცია შესაძლო ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე, ისევე როგორც გადავადდა საყოველთაო საგაზაფხულო გაწვევა.

 

„პრობაციონერების ნაწილში იყო გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები და მათ საპრობაციო ბიუროებში გამოცხადების აუცილებლობა მოეხსნათ. ასევე პენიტენციარულ სისტემაში ორი კვირით შემოღებულ იქნა სპეციალური ღონისძიებები. ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება პირველ რიგში ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აღნიშნული ღონისძიებების ეფექტიანობის საკითხია.

 

 

big_banner
არქივი