logo_geo
ილია მეორე: ამ ქვეყნად არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაზეც, ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ
- +

2 მაისი. 2021. 01:36

 

 

მაგალითად, თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყოველივეს. ამასთან, ამ განწყობამ არ უნდა დაგვტოვოს მაშინაც, როდესაც დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე აღმოვჩნდებით. ამქვეყნად არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაზეც, ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ“, - ამის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

 

წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც - მას შინა. ამიტომაც, ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი.“ (მთ.10,37)”, - ბრძანებს პატრიარქი.

 

ილია მეორის თქმით, თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ.

 

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულში და პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიხარულითა დიდითა აღავსო იგი (მკ.9,24) . მსგავსი სიხარულის თანაზიარნი ჩვენც რომ გავხდეთ, ღვთის შეცნობისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ: ვიკითხოთ წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და დარიგებანი. ასევე, მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მაცხოვარს, განგვაძლიეროს, და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვევედროთ: „განმკურნე, უფალო, და განვიკურნები, გადამარჩინე, უფალო, და გადავრჩები, რადგან შენ ხარ ჩემი დიდება“ (იერ.17,14)”, - ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

 

 

big_banner
არქივი