logo_geo
ნანა კაკაბაძე: პატარა პარტიების ამომრჩეველმა თავის პარტიას უნდა მოსთხოვოს ახსნა, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ვისთან აპირებს კოალიციაში შესვლას
- +

27 ნოემბერი. 2023. 09:59

 

 

„გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებისთვის პატარა პარტიების ამომრჩეველმა თავის ფავორიტ პარტიას უნდა მოსთხოვოს იმის ახსნა, თუ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ვისთან აპირებს კოალიციაში შესვლას - ნაცებთან თუ ქოცებთან, რადგან ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სხვა შანსი არ არსებობს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

 

კაკაბაძე 2024 წლის მოახლოებულ არჩევნებს ეხმიანება  და აღნიშნავს, რომ „დაიწყო წინასაარჩევნო ციებ-ცხელება, რომლის აუცილებელ ატრიბუტს პროგნოზები წარმოადგენს“.

 

„2024-ის არჩევნებში - „არც ქოცი, არც ნაცი“=ნაცს

 

უკვე დაიწყო წინასაარჩევნო ციებ-ცხელება, რომლის აუცილებელ ატრიბუტს პროგნოზები წარმოადგენს.

 

ამ ეტაპზე უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე სოციოლოგიური კვლევის შედეგი, რომლებიც თითქმის ერთხმად ამტკიცებენ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის და საპარლამენტო პარტიებად ქცევის გარანტირებული შანსები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას გაჩნიათ.“

 

თუ ასე მოხდა, მაშინ ამ ორ ბარიერგადალახულ პარტიას შორის მთავრობას დააკომპლექტებს საპარლამენტო უმრავლესობა, ანუ ის, ვისაც მეტი დეპუტატის მანდატი ექნება.

 

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ბოლო  სოციოლოგიური კვლევების  მონაცემებით „ოცნება“ თითქმის 2-ჯერ უსწრებს ნაცებს, გასაგები გახდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სხვა  პოლიტიკური პარტია ან პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს, „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს მთავრობას და კიდევ 4 წელი იქნება ხელისუფლების სათავეში, ხოლო  „ნაცმოძრაობა“ ისევ იქნება ოპოზიციაში.

 

ეს არის მოვლენების განვითარების მარტივი სცენარი.

 

მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ მათ გარდა სხვა რომელიმე პარტიამ (ან პარტიებმა) გადალახა 5%-იანი ბარიერი და პარლამენტში მიიღო 8-10-12 ან მეტი მანდატი, მაშინ არჩევნების შედეგად შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც გამარჯვებული „ოცნება“ აღმოჩნდეს ოპოზიციაში. სწორედ ეს მოხდა პოლონეთში, ახლახან ჩატარებული   არჩევნების შედეგად, სადაც გამარჯვებულმა სახელისუფლო პარტიამ ვერ მიიმხრო პარლამენტში გასული სხვა პარტიები კოალიციის შესაქმნელად, სამაგიეროდ, დამარცხებულმა პარტიებმა ერთად შეაგროვეს 50%-ზე მეტი ხმები, რის შედეგადაც მათ დააკომპლექტეს მთავრობა და გამარჯვებული პარტია დატოვეს ოპოზიციაში.

 

უფრო გასაგები რომ იყოს, მივმართოთ მარტივ არითმეტიკას. ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 40%, რაც 150-კაციან პარლამენტში  შეადგენს 60 მანდატს. უმრავლესობის შესაქმნელად კი საჭიროა მინიმუმ 76 ხმა. ვთქვათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ხმების 25%, რაც შეადგენს დაახლოებით 38 მანდატს. ახლა დავუშვათ ისიც, რომ კიდევ სამმა სხვა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი და თითოეულმა მათგანმა მიიღო 8, 10 და 12 მანდატი, ანუ სულ - 30 მანდატი. თუ ეს 3 პარტია გაურიგდა ნაცმოძრაობას და მასთან ერთად შექმნა კოალიცია, ეს ნიშნავს, რომ ისინი აგროვებენ „ოცნებაზე“ მეტს, ანუ 68 ხმას და ისინი შექმნიან კოალიციურ მთავრობას, ხოლო „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება ოპოზიციაში. თუ ვინმე იტყვის, 68 ხმა ხომ არ არის 150-ის ნახევარზე მეტიო, მათ გასაგონად ვიტყვით, რომ ბარიერგადალახულ ყველა პარტიას პროპორციულად დაემატებათ იმ პარტიების ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და ამდენად, მათგან უმეტესი ხმები დაემატება ყველაზე მეტი ხმების მქონე პარტიას თუ კოალიციას და ასე შეუგროვდებათ 76 ან მეტი ხმა.

 

ამდენად, 3 ან მეტი პარტიის მიერ ბარიერის გადალახვის შეთხვევაში მთავარია,  ბარიერგადალახული, მცირეშედეგიანი რომელიმე პარტია ვისთან  შევა კოალიციაში - ოცნებასთან თუ ნაცებთან. აშკარაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შემსვლელ პარტიათა შორის მხოლოდ „ხალხის ძალა“ ჩანს, ხოლო დანარჩენი პარტიები ერთხმად  აცხადებენ, რომ მათი მიზანი „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში  ნაცებთან აპირებენ კოალიციაში შესვლას. მართალია, ბევრი პარტიის ლოზუნგია „არც ნაცები, არც ქოცები“, მაგრამ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება რომელიმეს სასარგებლოდ. თუ ბარიერგადალახული რომელიმე მესამე თუ მეოთხე პარტია მაინც დარჩებიან იმ პოზიციაზე, რომ არც ნაცებთან და არც ქოცებთან არ ქმნიან კოალიციურ მთავრობას და ვერავინ აგროვებს მინიმუმ 76 ხმას, მაშინ იქმნება სიტუაცია, როდესაც პარლამენტი ვერ ნიშნავს მთავრობას, რის გამოც პარლამენტი უნდა დაიშალოს და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებისთვის პატარა პარტიების ამომრჩეველმა თავის ფავორიტ პარტიას უნდა მოსთხოვოს იმის ახსნა, თუ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ვისთან აპირებს კოალიციაში შესვლას - ნაცებთან თუ ქოცებთან, რადგან ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სხვა შანსი არ არსებობს. თუ ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს ვერ მიიღებთ, „შუაშისტი“ პარტიის ამომრჩეველმა შეიძლება თავისდა უნებურად ისეთ კოალიციას მისცეს ხმა, რომლის მხარდაჭერასაც არასოდეს დაუშვებდა“, - წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი