logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ სიუჟეტზე გიორგი გოგოტიშვილის შესახებ: ეს არის დეზინფორმაცია და საქმეზე პოლიტიკური სარჩულის გამოკერების მცდელობა
- +

27 ნოემბერი. 2023. 13:55

 

 

„სასამართლო ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი და ხელშეუხებელია, ამის თვალსაჩინოებაა თავად სიუჟეტში მოყვანილი ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ოზურგეთში, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო შემდგომმა ინსტანციამ განსხვავებულად იმსჯელა“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ სიუჟეტს გიორგი გოგოტიშვილისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ 9-წლიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

 

თალაკვაძის თქმით,  „მთავარი არხი“ ტრადიციულად ვარაუდებით და ჭორებით აკეთებს  ფაბრიკაციას და ცდილობს საქმეზე პოლიტიკური სარჩულის გამოკერებას.

 

„მედიის და ჟურნალისტური პროფესიის სირცხვილია ასეთი უნიჭო ყვითელი პასკვილები, რისი მაგალითიც გუშინ ვნახეთ. რამდენი პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდაა ოზურგეთში? რამდენი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანია ოზურგეთში? რომელი ოჯახი გამოვა და იტყვის, რომ მათი შვილის კონსტიტუციური უფლება რამენაირად დაირღვა და შეიზღუდა ამის გამო, რომ ამის გამო დააპატიმრეს ან ვინმემ აიძულა გაჩუმებულიყვნენ? „მთავარი არხი“ ტრადიციულად რაღაც ვარაუდებით და ჭორებით აკეთებს უსინდისო ფაბრიკაციას და ამისთვის არც მშობლების, არც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანის გამოყენებას არ ერიდება. სასამართლო ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი და ხელშეუხებელია, ამის თვალსაჩინოებაა თავად სიუჟეტში მოყვანილი ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ოზურგეთში გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო შემდგომმა ინსტანციამ განსხვავებულად იმსჯელა. რა შუაშია საერთოდ ამ საქმესთან ოზურგეთის თვითმმართველობა და მერი, ან პოლიტიკური დატვირთვა? ცხადია, ეს არის დეზინფორმაცია და საქმეზე პოლიტიკური სარჩულის გამოკერების მცდელობა“, - წერს ავთანდილ თალაკვაძე Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი