logo_geo
ნანა კაკაბაძე „ევროპულ მარშზე“: როდესაც რევოლუციური გეგმები ჩაუფლავდათ, შეკერეს ყველაზე დიდი ზომის ევროკავშირის დროშა ნიშნად იმისა, რომ თავად ყველაზე მეტად უნდათ ევროპაში და 1000-მდე კაცს წაღმა-უკუღმა ატარებინეს
- +

11 დეკემბერი. 2023. 11:40

 

 

„ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, 9 დეკემბრის აქცია, „ევროპული მარში“კრახით დასრულდა! მარშმა  ფაქტობრივად  ქართველი ხალხის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა“, -  ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა სტრატეგია აქვთ არჩეული და ცდილობენ საზოგადოება იმაში დაარწმუნონ, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის საქმის საკეთებლად სჭირდება.

 

„ვინ ვინ არის

 

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, 9 დეკემბრის აქცია, "ევროპული მარში" კრახით დასრულდა!

 

მარშმა ფაქტობრივად  ქართველი ხალხის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.

 

მას მხოლოდ 1000-მდე ადამიანი ესწრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში  ორგანიზატორი ოპოზიციური  პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრთა სათანადოდ  მონაწილეობაც კი ვერ აისახა.

 

აქედან გამომდინარე, ის  დამაზიანებელი იყო არა მარტო ოპოზიციის იმიჯისთვის, არამედ ევროპული ორიენტაციისა და საქართველოს წევრობის კანდიდატობის მონიჭების წინა პერიოდისთვისაც.

 

ვერშემდგარ  აქციაზე მკაფიოდ  გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ევროპული დროშის გაფენაში, იმაზე  ცოტა ხალხი მონაწილეობდა, ვიდრე ამის  წარმოდგენა იყო შესაძლებელი. 

 

„ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენს „მედასავლეთე“ პოლიტიკანებს სხვადასხვა სტრატეგია და ტაქტიკა აქვთ არჩეული.

 

მაგალითად, მათი ერთი ნაწილი ორიენტირებულია იმაზე, რომ ხელისუფლების ყველა გადადგმულ ნაბიჯს „რუსული“ დაარქვას, ხალხი დაარწმუნოს, რომ ჩრდილოეთისკენ „რუსული ნაბიჯებით“ მიმავალი  ხელისუფლების  სვლა დასავლეთით, არის  მხოლოდ ილუზია.

 

ვიზა-ლიბერაზაციაც, კანდიდატის სტატუსიც, ევროკავშირის წევრობაც „ქართულ ოცნებას“ თითქოს იმისათვის სჭირდება, რომ რუსეთის დავალებით შევიდეს  ევროკავშირში და იქ რუსული საქმე აკეთოს.

 

სხვა პოლიტიკოსებმა „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის განსხვავებული ტაქტიკა აირჩიეს.

 

მაგალითად,   ფსევდო დასავლური ღირებულების  მატარებელმა დიდმა დემოკრატმა და უფლებადამცველმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გირჩი ჯაფარიძემ შესანიშნავად მოახდინეს ტრადიციისა და თანამედროვეობის შეხამება, შექმნეს შინაარსისა და ფორმის საუკეთესო ჰარმონია.

 

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 30-იანი წლების ბოლშევიკურ სტილში, ისინი ჯერ  ნაყოფიერად ეძებენ და პოულობენ  „ხალხის მტრებს“, შემდეგ  მათ ვინაობებს განათავსებენ ტექნოლოგიურად მაღალ დონეზე შექმნილ საიტზე, რომელსაც  ბოლშევიკური კედლის გაზეთის სახელი „ვინ გვარცხვენს!“, უფრო ესატყვისება, ვიდრე მათი შერქმეული,  თანამედროვე ევროპული და დემოკრატიული სათაური „მონა.ჯი“.

 

ამ რეტროგრად პოლიტიკოსებს ამგვარი ქმედება  „ევროპელობა“ ჰგონიათ.

 

არიან სხვა მიმართულების პოლიტიკოსებიც, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებულნი თავის მარიონეტებს,  (პოლიტიკური პარტიების დანამატებს) სიყალბეს  აყვირებენ,  საქართველოს ხელისუფლების  დემონიზების მიზნით და  დასავლეთში შავი პიარის შექმნაზე დაუცხრომლად ამუშავებენ.

 

ისინი ყველანაირად ცდილობდნენ,  საქართველოს ვერ მიეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რასაც აქ რევოლუციური მუხტის შესაქმნელად და სახელმწიფო გადატრიალებისთვის პირობების შესაქმნელად გამოიყენებდნენ, მაგრამ როდესაც ეს გეგმები ჩაუფლავდათ, თვითონვე აიღეს ინიციატივა, შეკერეს ყველაზე დიდი ზომის ევროკავშირის დროშა ნიშნად იმისა, რომ თავად ყველაზე მეტად უნდათ ევროპაში და 1000-მდე კაცს წაღმა-უკუღმა ატარებინეს.

 

ერთი მხრივ, ამტკიცებდნენ, 3,5 მილიონიდან 3 მილიონზე მეტი ქართველი ევროკავშირის მომხრეაო და ამის გამოსახატავად 1000 კაცზე მეტი  ვერ შეაგროვეს.

 

არც კი შერცხვათ!

 

სირცხვილის გრძნობა არ აღმოაჩნდა არც  კონსტიტუციის დამრღვევ  მადამ პ-რეზიდენტს, რომელიც დიდის ამბით შეუერთდა ამ საცოდავ მსვლელობას.

 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ „მონა.ჯი“-ს საიტზე შესაყვან ხალხზე  საუბრობენ,  სწორედ ისეთნი, რომლებიც თვითონ თესავენ მონურ ფსიქოლოგიას  ქართველ ხალხში და ჩასჩიჩინებს მას, რომ ევროპელების, ამერიკელების, მათი მიერ  შექმნილი კავშირების  წარმომადგენლების გამონათქვამების მიმართ მონური მორჩილება,  მისაღები და მისაბაძიაო.

 

მწარე 9-წლიანი მმართველობის  გამოცდილების მქონე  ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რომ ოპოზიციის  უმრავლესობისთვის ევროპული და დემოკრატიული სწორედ სააკაშვილის ტირანული, სისხლიანი რეჟიმი იყო, რომელსაც დღესაც მისტირიან, ხოლო ასეთი რეჟიმის დემოკრატიული გზით შემცვლელ  დღევანდელ ხელისუფლებას ანტიდემოკრატიულს უწოდებენ.

 

განვლილმა 12 წელმა დაგვანახა, რომ ისინი ამ პოზიციას ვერასოდეს შეიცვლიან და  ამიტომაც იქნებიან ყოველთვის დამარცხებულები“, - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი