logo_geo
ლევან ლორთქიფანიძე: იედიყულეს შორეულ კოშკთან ქართლის მეფე სიმონის სიყვარულმა მომიყვანა...
- +

29 დეკემბერი. 2023. 10:22

 

 

„საშინელ ტკივილს ვგრძნობ, როდესაც სიმონ მეფის ბედის შესახებ ვკითხულობ, თითქმის ათი წელი სპარსელებს ჰყავდათ გამოკეტილი (მგონი, ალამუთის ციხეში), სიცოცხლის ბოლო თორმეტი წელი კი იედიყულეში გაატარა... “ - წერს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

 

„საქართველოს საზღვრებს უსაქმოდ არასდროს გავცდენილვარ (ერთ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით), ახლაც გადატვირთული პროგრამით ვსტუმრობთ სტამბოლს.  აქამდე ბევრჯერ ვარ ამ მშვენიერ ქალაქში ნამყოფი, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოვაღწიე იედიყულეს ციხე-სიმაგრემდე.

 

დღეს, როგორც იქნა, მეგობრების დახმარებითა და დიდი ძალისხმევით, შვიდი კოშკისგან შემდგარ ანსამბლს შევავლე თვალი.

 

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ოდესღაც აქ კონსტანტინოპოლის კარიბჭე მდებარეობდა. განსაკუთრებით არც ის მაღელვებს, რომ ქალაქის აღებიდან რამდენიმე წელიწადში მეჰმედ მეორემ აქ ოსმალური ბასტილია მოაწყო და საუკუნეების განმავლობაში ციხე-სიმაგრე სულთნის მიერ დაჩოქებულ ლიდერთა საპყრობილე იყო.

 

შორეულ კოშკთან ქართლის მეფე სიმონის სიყვარულმა მომიყვანა... მას სჯეროდა საქართველოს გაერთიანების, ქრისტიანული იდეალების, ნატრობდა საქართველოს, კავკასიას, რომელსაც იმპერიები ვეღარ გააკონტროლებდნენ. რაც მთავარია, სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად იბრძოდა თავისი ღირებულებებისთვის. საშინელ ტკივილს ვგრძნობ, როდესაც სიმონ მეფის ბედის შესახებ ვკითხულობ, თითქმის ათი წელი სპარსელებს ჰყავდათ გამოკეტილი (მგონი, ალამუთის ციხეში), სიცოცხლის ბოლო თორმეტი წელი კი იედიყულეში გაატარა... მხოლოდ სიკვდილმა აიძულა ფარ-ხმლის დაყრა.

 

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც „პატიოსნება მათხოვრად გადაიქცა“, „სიკეთე ბოროტების ტყვედ არის ქცეული“, „უღირსებს უსამართლოდ ადგამენ დაფნას“... ასეთ დროს დიდი ადამიანის განცდებზე ფიქრი, მისი ნაკვალევის ძიება დიდ ტალღად გეჯახება ხოლმე გულზე და ყველაფრით დაღლილს შეგახსენებს,  თუ  რა არის ნამდვილი ღირსება.

 

ალბათ, მასაც უხარია... მისი გარდაცვალებიდან 400 წლის შემდეგ, გვიან საღამოს, სამდღიანი სესიებით გაბრუებულმა ვიღაც დევისმაგვარმა არსებამ უკანასკნელი გროშები დახარჯა და ცხრა მთა გადაიარა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი თავგანწირვა გაიხსენოს და თავისი თვალით ნახოს მეფის ბედისწერად ქცეული უზარმაზარი, აუღებელი ციხე. განა რამე?! უბრალოდ, ხომ გაიგებს, რომ გვახსოვს და ვამაყობთ მისი ამაგით...

 

P.S. იდეალური კაცი არ ყოფილა, სიმონ პირველის ყველა ცოდვის შესახებ მსმენია, უბრალოდ, ცოდვები სიმონის დიდებულ მხარეს ვერ გადაწონიან“, - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

 

 

big_banner
არქივი