logo_geo
ნანა კაკაბაძე ნინო ქათამაძეს: ნაწამებ თეთრაძესა და მოლაშვილზე არ გექნებათ გაგებული და არც სხვა პატიმრებზე, იქნებ იმიტომ, რომ ჩვენს ტირილს, მოსკოვში ნამღერი თქვენი მჭექარე ხმა ახშობდა?
- +

29 დეკემბერი. 2023. 11:02

 

 

„ნინო ქათამაძე, მიშას სხვა მომღერალ-დამკვრელები ჩივიან, „ოცნების“ ხელისუფლება პოლიტიკური პოზიციის გამო გვდევნის და სადღესასწაულო კონცერტებზე არ გვიწვევსო“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

 

მისი განცხადებით, ვერავინ ვერავის აუკრძალავს პოლიტიკურ მომხრეობას, მაგრამ მომღერალს საზოგადოების წინაშე მორალური ვალდებულებებიც უნდა გააჩნდეს, მიუხედავად ამისა, ქათამაძე და სხვები დღესაც სააკაშვილის რეჟიმს გულშემატკივრობენ.

 

„ნინო ქათამაძეს და სხვებს

 

ნინო ქათამაძე, მიშას სხვა მომღერალ-დამკვრელები ჩივიან, „ოცნების“ ხელისუფლება პოლიტიკური პოზიციის გამო გვდევნის და სადღესასწაულო კონცერტებზე არ გვიწვევსო.

 

საბჭოთა დისიდენტებმა თითქმის ნახევარი საუკუნის წინ სწორედ ადამიანთა პოლიტიკური დევნა-შევიწროების წინააღმდეგ დავიწყეთ ბრძოლა და მას შემდეგ არც არასოდეს შემიცვლია პოზიცია, მაგრამ როდესაც ამ ტიპის ადამიანები აპელირებენ კულტურის სფეროში არსებულ პოლიტიკურ ცენზურაზე, იძულებულნი ვართ სხვა კუთხიდან შევხედოთ ამ პრობლემას და შევეცადოთ, ქათამაძისნაირებს სიღრმისეულად  დავანახოთ  პრობლემის არსიც და საკუთარი სახე.

 

დავიწყოთ იმით, რომ მიშას მომღერლებს და დამკვრელებს თავიანთი ბელადის ზეობის დროს ერთხელაც არ გახსენებიათ მართლაც პოლიტიკური ნიშნით შევიწროებული და დევნილი კოლეგები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ბასა ფოცხიშვილი და სხვები.

 

ვერავინ ვერავის აუკრძალავს პოლიტიკურ მომხრეობას, მაგრამ როდესაც დღესაც აგრძელებენ იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას, რომლის მმართველობასაც ქართველმა ხალხმა სისხლიანი 9 წელი და ფაშიზმი უწოდა, ცოტა უხერხულად ხომ არ გეჩვენება ტაშის დაკვრის სურვილი იმავე ხალხისგან?

 

როდესაც იმასაც კი ვერ გრძნობთ, რომ წარსულში მხარდაჭერაზეც ბოდიში გაქვთ  მოსახდელი და  დღემდე შეუცვლელ პოზიციაზეც?

 

რაო, „მომღერალ ბულბულს“ არაფერი გსმენია, ასიათასობით ციხის ჯოჯოხეთგამოვლილ თანამოქალაქეებზე?

 

ასზე მეტ ქუჩებში დახვრეტილ საჯიშე ბიჭებზე?

 

არ გაგიგიათ შენ და შენ მაგვარ „შევიწროებულებს“ დედა-შვილ გირგვლიანების ტრაგედიაზე, რომელშიც თქვენი ბელადის შს მინისტრის ცოლი, დაცვა და მინისტრის მოადგილე მონაწილეობდნენ.

 

არც მამა-შვილ ვაზაგაშვილებზე გსმენია მსგავსი ისტორია? რეჟიმის მსხვერპლი შვილის საფლავზე, მამა  მხოლოდ იმიტომ  ააფეთქეს, რომ  შვილის მკვლელებისა და დამკვეთების დასჯას  მოითხოვდა?

 

სხვების დასაშინებლად სანიმუშოდ ნაწამებ თეთრაძესა და მოლაშვილზეც არ გექნებათ გაგებული და არც წამებაში ჩაკლულ მრავალ სხვა პატიმარზეც.

 

რატომ?

 

იქნებ იმიტომ, რომ ჩვენს ტირილსა და გმინვას მოსკოვში ნამღერი თქვენი მჭექარე ხმა ახშობდა?

 

ეტყობა, თქვენ მაშინაც იქ მღეროდით, როდესაც თქვენი ბელადი ჩვენს მიწებს რუსეთს  აბარებდა, კოდორს ზემო აფხაზეთს არქმევდა, ცხინვალის ოლქს 150-მდე სოფელს უმატებდა და მერე 3 დღიანი ომის  კაპიტულაციით დასრულებით, პუტინს გადასცემდა.

 

თქვენ ალბათ პუტინს  უმღეროდით მაშინაც, როცა ჩვენ აქ საკუთარი თვალით ვხედავდით, როგორ ფიქციად აქციეს მიშამ და ნაცებმა ბეჭდური მედიის, ტელევიზიების და ენჯეოების დამოუკიდებლობა. ამ ფონზე კი  როგორ უმტკივნეულოდ, ცეკვა-თამაშითა და ზარ-ზეიმით ჩაატარეს ტერიტორიების გასხვისებაც და ხალხის განკულაკებაც...

 

ეს ისე, სიტყვის მასალად, თორემ რეალურად ზედმიწევნით კარგად მოგეხსენებათ ყოველივე ზემოხსენებული, მაგრამ არასოდეს აღიარებთ, რომ იმ სისხლიან  წლებში საქართველოში  იყო სწორედ ფაშიზმი. და არა თუნდაც ცუდი ხელისუფლება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, რომლის მომხრეობა-მოწინააღმდეგეობა,  მართლაც პოლიტიკური გემოვნების საქმეა და ამის გამო ხელოვანისა თუ არახელოვანის შევიწროება ხელისუფლების მხრიდან, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

 

ისევ ქართულ ფაშიზმს  დავუბრუნდეთ და ვთქვათ რატომ არ უღიარებია ეს მსოფლიოს ისე, როგორც გერმანული აღიარა. ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ჰიტლერის ფაშიზმისგან განსხვავებით, მიშას ფაშიზმი  მთელ მსოფლიოს არ შეხებია, შეგვეხო მხოლოდ ჩვენ, ლოკალური მასშტაბით...

 

ეს ტკივილი დღესაც ცოცხალია ჩვენში და  რომელსაც ქართველი ხალხი, რეჟიმის დასრულების შემდეგ ყველა ახალი არჩევნების დროს გამოვხატავთ.

 

ამ ფონზე, როდესაც არ გესმის, რომ მომღერალს "ბულბულის" ხმის გარდა საზოგადოების წინაშე მორალური ვალდებულებები გაგაჩნია და  ამის მიუხედავად   დღესაც ფაშიზმს გულშემატკივრობ, არ უნდა გიკვირდეს, რომ ამ ფაშიზმით გატანჯულ და მის უარმყოფელ მოქალაქეებს გულზე არ ეხატებოდეს შენთვის ტაშის დაკვრა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე კონკრეტული სიმღერა ხარისხიანად გამოგდის.

 

რომ არა ეს რეალობა, სწორედ ჩვენ ვიქნებოდით ის ხალხი, რომელიც პოლიტიკური შევიწროებისგან დავიცავდით ქათამაძეს და მისნაირებს, ისე, როგორც მიშას დროს ვიცავდით პოლიტდევნილებს. როგორც საბჭოთა დროს ვებრძოდით რეჟიმს და საბჭოეთის დაშლის შემდეგაც ვიყავით ყველა ხელისუფლების ოპონენტები, როცა ისინი არღვევდნენ ვინმეს უფლებებს.

 

ასე რომ, მიშას დამკვრელებო და მომღერლებო, იყუჩეთ და შეირგეთ ქართველი ხალხის მოთმინება, რომ დღეს თქვენ ფაშიზმთან სოლიდარობის გამო მართლაც არავინ არაფერს გერჩით. ეს არის სწორედ ის ქართული კულტურა და  დიდსულოვნება, რომელსაც ერი ავლენს თავისი მრწამსიდან და მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე  ისტორიიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ...

 

ამ „კოჰორტიდან“ ნინო ქათამაძე რამდენიმე მიზეზის გამო გამოვარჩიეთ. ჯერ ერთი, მან განაცხადა, „წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი ჩუმად უნდა ვყოფილიყავი“-ო.

 

ქათამაძე ცოტა უფრო ღრმად რომ ჩაფიქრებულიყო თავის მდგომარეობაზე, თვითონვე უნდა გადაეწყვიტა, რომ ჩუმად ყოფილიყო, მაგრამ ეტყობა, მას ჰგონია, ხალხს მასობრივი დემენცია დაემართა. ქართველებს აღარ გვახსოვს, მთელი ცხოვრება რუსეთში იქაურ მაყურებლებს რომ უმღეროდა...

 

დღეს „დაჩაგრულ“ ნინოს მხოლოდ 2008 წლის შემდეგ გაუგია, რომ რუსეთი  საქართველოს ოკუპანტი ყოფილა.

 

და ბოლოს, როგორც ამბობენ, მის „მჩაგვრელ“ ხელისუფლებას შეუთავაზებია კიდეც საახალწლო კონცერტში მონაწილეობა, მაგრამ ამ „მსოფლიო ვარსკვლავს“ 2 თუ 3 სიმღერის შესრულებაში 100 ათასი ლარი მოუთხოვია.

 

ეს თუ მართალია და ამის შემდეგ მაინც საჯაროდ წუწუნს მოჰყვა, არიქა, არ მამღერებენო, მაშინ საქმე კიდევ უფრო უარესად ყოფილა“, - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი