logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: ქართული კლასიკური მწერლობა უნდა ისწავლებოდეს ცურტაველიდან ანამდე. განა ასე ძნელი და ბევრია?!
- +

4 თებერვალი. 2024. 14:02

 

 

სკოლებში ქართული ლიტერატურის სწავლების საკითხზე ლიტერატორი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ჭეშმარიტმა ლიტერატურათმცოდნემ, უმაღლესი ზნეობითა და ეთიკური კულტურით გამორჩეულმა ქართველმა, ბატონმა რევაზ თვარაძემ მიაგნო დიდი ქართული მწერლობის მთავარ განსაზღვრებას:

„თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა“.

 

***

აი, ეს მთლიანობა უნდა გაიშალოს ქართულ სკოლაში.

 

ეს უნდა გააგებინონ და შეაგრძნობინონ ქართველ ნინველებს(მოზარდი, ყმაწვილი, თინეიჯერი) - მეცხრედან მეთერთმეტე კლასამდე(მეთორმეტე უნდა გაუქმდეს).

 

მეცხრემდე კი ყველა კლასი საამისოდ შემზადებას უნდა ემსახურებოდეს. 

 

***

ქართული კლასიკური მწერლობა უნდა ისწავლებოდეს ცურტაველიდან ანამდე.

 

განა ასე ძნელი და ბევრია?!

 

ჩამოვთვალოთ:

 

ცურტაველი, საბანისძე, მერჩულე, რუსთაველი, სულხან- საბა, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა- ფშაველა, გალაკტიონი, ანა. 

 

***

ნახეთ, როგორ შეიკრა?!

 

და რამ შეკრა? - ქრისტიანობამ. რელიგიურობამ. უმაღლესმა ზნეობრივმა სიწმინდემ:

 

„არ შეველ ტაძრად, უწმინდური სადაც შევიდა."

 

ამით იცნობა კლასიკა.

 

***

თორმეტი გამოვიდა.

 

გავყოთ სამზე:

 

ოთხი კლასიკოსი - თითო წელიწადს.

 

***

მანამდე?

 

და მათთან ერთად?

 

რამდენი რამ გვაქვს ყმაწვილთა სულის საზრდოდ?

 

იქით მარტო გოგებაშვილი და „მისი გუნდიც“ კი გვეყოფა, რა თქმა უნდა, ყაზბეგიც იქაა. აქეთ - მთელი მეოცე საუკუნე: კლდიაშვილი, გამსახურდია, ჯავახიშვილი, ლორთქიფანიძე, ქიაჩელი, ლეონიძე, ლადო,  მურმანი, მუხრანი, ინანიშვილი, ჭილაძე, დოჩანაშვილი, დუმბაძე, ჩოხელი...

 

სხვაც არაერთი. საკმაოდ ბევრი.

 

***

უამათოდ, ქართველი ქართველად ვერ გაიზრდება.

 

***

თუ , რა თქმა უნდა, მიზნად ესა გვაქვს...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

big_banner
არქივი