logo_geo
ნანა კაკაბაძე: ჩვენი აგენტ-ოპოზიციონერებს და მათი ტელევიზიებს რატომ არ აწუხებდათ ნაც-ხელისუფლების საპატიმროებში „გაურკვეველ ვითარებაში“ გარდაცვლილი ასეულობით ადამიანი?
- +

17 თებერვალი. 2024. 16:01

 

 

„როდესაც ნავალნის „გაურკვეველ ვითარებაში“ გარდაცვალებაზე მოთქვამენ, საინტერესოა, ასეთებს რატომ არ აწუხებდათ ნაც-ხელისუფლების საპატიმროებში „გაურკვეველ ვითარებაში“ გარდაცვლილი ასეულობით ადამიანი?“- ამის შესახებ წერს არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე.

 

კაკაბაძე იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გარდაცვლილ ადამიანებს და აღნიშნავს, რომ დაუსრულებლად შეიძლება ჩამოვწეროთ იმ უდანაშაულო ბიჭების გვარები, რომლებიც რეჟიმმა, მხოლოდ იმისთვის ამოხოცა, რომ დანარჩენ საზოგადოებაში შიში და უმწეობის განცდა დაეთესა.

 

მისივე თქმით, ახლა იმ რეჟიმის  შემოქმედებს  და მათ ჯიბის ტელევიზიებს თურმე  ნავალნის სიკვდილი აწუხებთ. სინამდვილეში მათ ნავალნის  გარდაცვალება კი არ, ამ სამწუხარო ფაქტის მხოლოდ სათავისოდ  გამოყენება და თავიანთი ბელადის მასთან შედარებით რაღაც ქულების დაწერას ცდილობენ.

 

„ნავალნის გარდაცვალების შეფასებისას ვერავინ უარყოფს, რომ 3 წლის წინ უცხოეთიდან რუსეთში მისი  დაბრუნება გაბედული  ნაბიჯი იყო, რაც საბოლოო ჯამში მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მაგრამ ძნელია ასეთი ფაქტის საყოველთაო შეფასების ფონზე არ  ითვალისწინებდე მის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

 

ყველას გვახსოვს, 2008 წლის ომის დროს, ის აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას და თბილისის დაბომბვასაც კი ითხოვდა, რის გამოც საქართველოში მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა. ამიტომ უცხოელებისთვის თავისი საქციელით ის შეიძლება მისაბაძიც იყოს, მაგრამ ქართველებისთვის ასეთი შეფასების მოსმენისას წინა პლანზე საქართველოსთან მისი დამოკიდებულება მოდის.

 

ეს ბუნებრივია, რადგან  ვინც ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ჩემთვის ის ყველა მიუღებელია.

 

ჩემი გმირია ცოტნე დადიანი, რომელმაც სამშობლოს სიყვარულისთვის, მეგობრობის უპრეცენდენტო თავდადება აჩვენა მტერსაც და მოყვარესაც.

 

ჩემი გმირია ქეთევან წამებული, რომელმაც სარწმუნოებისთვის და სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირა.

 

ჩემი გმირია დავით აღმაშენებელი, რომელმაც გააძლიერა და გაზარდა საქართველოს საზღვრები.

 

ჩემი გმირია ერეკლე მეორე, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის 40-მდე ჭრილობას ატარებდა საკუთარი სხეულით.

 

ჩემი გმირია თამარი, რომელიც ფეხშიშველი ადიოდა მთაზე და იქიდან ლოცავდა სამშობლოს დასაცავად მიმავალ ქართულ ჯარს.

 

ჩემი გმირია მრავალი მეფე თუ 300 არაგველი, ამ ქვეყნისათვის სიცოცხლე შეწირული  შვილები.

 

მაგრამ ნავალნი ჩემთვის არა და ვერ იქნება გმირი. მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ამიტომ მეც მეტს არაფერს ვიტყვი მასზე. ის რუსი პატრიოტი იყო და მათ შეაფასონ.

 

მაგრამ ეს ჩვენი აგენტ-ოპოზიციონერები და მათი ტელევიზიები, გმირად რომ აცხადებენ ნავალნის ამ შეფასებისას თვითონ ვინ არიან, ერთიანი და მთლიანი საქართველოსთვის? როდესაც ნავალნის „გაურკვეველ ვითარებაში“ გარდაცვალებაზე მოთქვამენ, საინტერესოა, ასეთებს რატომ არ აწუხებდათ ნაც-ხელისუფლების საპატიმროებში „გაურკვეველ ვითარებაში“ გარდაცვლილი ასეულობით ადამიანი? ციხის ჯალათების მიერ დადასტურებულად წამებაში მოკლული თეთრაძე. ნაწამები და ქუჩაში დაგდებული შავაძე. წამებაში მოკლული გირგვლიანი და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მისი დედა-ირინა ენუქიძე. ეკლესიის წინ ჩაცხრილული ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე თუ ზურა  ვაზაგაშვილი, რომელსაც მამა შვილის საფლავზე აუფეთქეს. კიდევ რამდენი და დაუსრულებლად შეიძლება ჩამოვწეროთ იმ უდანაშაულო ბიჭების გვარები, რომლებიც რეჟიმმა, მხოლოდ იმისთვის ამოხოცა, რომ დანარჩენ საზოგადოებაში შიში და უმწეობის განცდა დაეთესა.

 

ეხლა იმ რეჟიმის  შემოქმედებს  და მათ ჯიბის ტელევიზიებს თურმე  ნავალნის სიკვდილი აწუხებთ. სინამდვილეში მათ ნავალნის  გარდაცვალება კი არ, ამ სამწუხარო ფაქტის მხოლოდ სათავისოდ  გამოყენება და თავიანთი ბელადის მასთან შედარებით რაღაც ქულების დაწერას ცდილობენ. როგორც ყოველთვის, ისინი ამჯერადაც მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამოდიან და ქვეყნას ტრადიციულად  მომხმარებლურად აღიქვავენ“, - წერს ნანა კაკაბაძე.

 

 

big_banner
არქივი