logo_geo
ნანა კაკაბაძე: „გამჭვირვალობის კანონის“ მიმართ ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობის არსი იმაშია, რომ მისი საშუალებით გამომჟღავნდება - სამოქალაქო აქტივობების დაფინანსების საფარქვეშ ხდება პოლიტიკური პარტიებისათვის გარედან დაკვეთილი საქმიანობის დაფინანსება
- +

10 აპრილი. 2024. 10:47

 

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

კაკაბაძე განმარტავს, თუ ვინ და რატომ ეწინააღმდეგება „გამჭვირვალობის კანონს“.

 

მისი თქმით, გამჭვირვალობის შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ გრანტის მიმღების პროექტში მითითებული  სამოქალაქო აქტივობის ნაცვლად, პროექტით გათვალისწინებული ხარჯები, რეალურად პოლიტიკურ აქტივობაში იხარჯება, გრანტის გამცემს აქვს ვალდებულება,  გრანტის შეჩერების და დახარჯული თანხის უკან დაბრუნების. ამიტომაც არის, რომ გრანტის გამცემებიც და მიმღებებიც შეშფოთებულნი არიან გამჭვირვალობით.

 

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ნაც-პარტიები და ნაც-ენჯეოები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ეს კანონი გამოიწვევს სამოქალაქო სექტორის დაკნინებას და გაქრობას.

 

სინამდვილეში, პირიქით, ამ კანონის არარსებობის გამო ხდება, რომ 10 000-ზე მეტი არასამთავრობოდან საერთაშორისო პარტნიორები,  მხოლოდ პოლიტიზირებულ არასამთავრობოებს ცნობენ, აღიარებენ და აფინანსებენ, რომლებიც ხან სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ (2003 წ.), ხან გადატრიალების  მცდელობას აორგანიზებენ, ხან ომის პროპაგანდას ეწევიან და ხან სხვას.

 

„ვინ და რატომ ებრძვის გამჭვირვალობას

 

ცხოვრებამ დაგვანახვა, რომ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული  აქტივობების გამჭვირვალობა მთელ მსოფლიოში პრობლემური საკითხია.

 

2023 წლის დეკემბერში თვითონ ევროკომისიამ წარადგინა საკანონმდებლო წინადადება „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“. აქედან გამომდინარე,  ანალოგიური  შინაარსის კანონის საქართველოში მიღების აუცილებლობაც, თითქოს არ უნდა  გამხდარიყო სადავო, მაგრამ ყველასათვის, და პირველ რიგში, ამ კანონპროექტის ინიცირების ავტორებისთვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეს დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევდა. რასაკვირველია,  ველოდით იმ საერთაშორისო აჟიოტაჟსაც, ხმაურსაც, რომელიც ძირითადად საქართველოში  შედგენილი ტექსტებით და ამ ტექსტებზე უცხოელების ხელმოწერებით გამოიხატა.

 

არ გვიკვირს, რომ განცხადებაზე  პირველი ხელმომწერები ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერმი, მაიკლ გალერი და სხვები იყვნენ.

 

გასაკვირი უფრო ის არის, რომ 700 ევროპარლამენტარიდან მხოლოდ 22-მა მოაწერა ხელი იმ ოდიოზურ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია: „ამ კანონის მიღების შემთხვევაში მხარს ვუჭერთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს”. ანუ ეს ხელმომწერები გვემუქრებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, ჩვენ შევეცდებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩამოერთვასო საქართველოს. მარტო ეს ბოლო წინადადებაც მიუთითებს, რომ ტექსტი საქართველოშია შედგენილი და განკუთვნილია  შიდა მკითხველის მოსატყუებლად.  დასავლეთში ყველამ იცის, რომ სტატუსის ჩამორთმევას და სხვა ამგვარ სისულელეებს ევროკავშირის არც თეორია და არც პრაქტიკა არ ითვალისწინებს. სამაგიეროდ აქაური გასულელებული ხალხისთვის ეფექტურად ჟღერს ლოზუნგი - „ამ კანონის მიღებით საქართველო კანდიდატის სტატუსს დაკარგავს!“

 

მეორე ტექსტში, რომელიც ნაც-პარტიებმა და ნაც-ენჯეოებმა შეადგინეს და ხელი მოაწერინეს ზოგიერთი ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს, მითითებულია, რომ თითქოს „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი არის საქართველოს უდიდესი აქტივი და მას მსოფლიოში აქვს ყველაზე გამჭვირვალის რეპუტაცია, ბიუჯეტისა და დაფინანსების თვალსაზრისით... მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მოხსნას კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან... „ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს!“ როგორც ჩანს, ბევრს ეცადნენ, მაგრამ ბალტიის ქვეყნების, ჩეხეთის, პოლონეთის, დანიის, გერმანიის, ირლანდიის და იტალიის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების გარდა, სხვას ვერავის დააჯერეს, რომ საქართველოს არასამთავრობო სექტორის პოლიტიზირებულ ნაწილს აქვს „ყველაზე გამჭვირვალის რეპუტაცია ბიუჯეტისა და დაფინანსების თვალსაზრისით“, და რომ „ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს!“

 

მე მგონი, შეუძლებელია დასახელებული ქვეყნების კონკრეტული დეპუტატები დამოუკიდებლად ამტკიცებდნენ მსგავს სიბრიყვეს.

 

ახლა რაც შეეხება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ნაც-პარტიებისა და ნაც-ენჯეოების ასეთი გაცოფებისა და გაკაპასების მიზეზებს.

 

მთავარი აქ არა მათ მიერ მიღებული თანხების ოდენობაა, არამედ ამ თანხების მიზნობრიობა. ოფიციალურად ეს თანხები მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის უნდა შემოდიოდეს. სინამდვილეში კი მათი დიდი ნაწილი ქვეყნის  გარედან დაკვეთილ პოლიტიკურ მიზნებს ხმარდება. ამასთან  ნაც-პარტიები და ნაც-ენჯეოები იმდენად აითქვიფნენ ერთმანეთში, რომ ზოგჯერ სახელწოდებებიც კი ერთნაირები აქვთ.

 

გამჭვირვალობის შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ გრანტის მიმღების პროექტში მითითებული  სამოქალაქო აქტივობის ნაცვლად, პროექტით გათვალისწინებული ხარჯები, რეალურად პოლიტიკურ აქტივობაში იხარჯება, გრანტის გამცემს აქვს ვალდებულება,  გრანტის შეჩერების და დახარჯული თანხის უკან დაბრუნების. ამიტომაც არის, რომ გრანტის გამცემებიც და მიმღებებიც შეშფოთებულნი არიან გამჭვირვალობით.

 

ნაც-პარტიები და ნაც-ენჯეოები ცდილობენ, ეს კანონი წარმოაჩინონ ანტიდასავლურად. ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ გრანტის გამცემ დასავლურ ორგანიზაციებს ხელისუფლება საეჭვო ძალებად მიიჩნევსო.

 

გრანტის გამცემ ორგანიზაციებს ხელისუფლება საეჭვო ძალებად რომ მიაჩნდეს, ეს ფაქტი, უპირველესად, დიპლომატიურ ურთიერთობებში აისახებოდა და არა ფინანსურში.

 

ფინანსურს ყოველთვის პიროვნებები განსაზღვრავენ, რომლებიც  გაეროშიც შეიძლება სცოდავდნენ და მონასტერშიც. მაგალითად, როცა რომელიმე მღვდელზე და მის ფინანსურ გამჭვირვალობაზეა საუბარი, ეს სულაც არ ნიშნავს ეკლესიის ინსტიტუციის მიმართ უნდობლობას.

 

ნაც-პარტიები და ნაც-ენჯეოები ასევე ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ეს კანონი გამოიწვევს სამოქალაქო სექტორის დაკნინებას და გაქრობას.

 

სინამდვილეში, პირიქით, ამ კანონის არარსებობის გამო ხდება, რომ 10 000-ზე მეტი არასამთავრობოდან საერთაშორისო პარტნიორები მხოლოდ პოლიტიზირებულ არასამთავრობოებს ცნობენ, აღიარებენ და აფინანსებენ, რომლებიც ხან სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ (2003 წ.), ხან გადატრიალების  მცდელობას აორგანიზებენ, ხან ომის პროპაგანდას ეწევიან და ხან სხვას. ისინი ხშირ შემთხვევაში, ჩვენი  ქვეყნისათვის საზიანო, მაგრამ უცხო ქვეყნისთვის საჭირო ღონისძიებებს აწყობენ. ამიტომაც გამჭვირვალობის კანონის „რუსულ კანონად“ მონათვლაც სწორედ პოლიტიკური მანიპულაცია და ტექნოლოგიაა მტრის ხატის შექმნის მიზნით და წარმოადგენს მათი ქმედებების არსის გამომჟღავნების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას.

 

მათ ისიც კარგად იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ საყოველთაო გამჭვირვალობის მომხრეა, რის გამოც მათი შიდა მხარდაჭერა ძალიან მცირეა (5-10%-იანი). შიდა რესურსის სიმწირე განაპირობებს იმას, რომ  მთავარ მოკავშირეებს ქვეყნის გარე ძალებში ეძებენ და სამწუხაროდ  წარმატებით პოულობენ კიდეც.სწორედ მათი მხარდაჭერით ამტკიცებენ, რომ თითქოს ამერიკული ფარასა და ზოგიერთი მსგავსი  ევროპული  კანონისგან განსხვავებით, ქართული კანონპროექტი არ ასახელებს კონკრეტულ მტრულ სახელმწიფოს, ვისგან დასაცავადაც ის იქმნება, და ამავე დროს, თითქოს სხვა ქვეყნების  კანონები მხოლოდ ლობისტების საქმიანობას ეხება და არა არასამთავროების ან მედიის. სინამდვილეში ეს ტყუილია, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მართალია, ამერიკული ფარას კანონი თითქმის 100 წლის წინ ფაშისტური და კომუნისტური იდეოლოგიისგან დასაცავად მიიღეს, მაგრამ ის დღესაც ეფექტურად მუშაობს. ამის მკაფიო მაგალითია  სააკაშვილი და კეზერაშვილი. ისინი რომელ ფაშისტურ ან კომუნისტურ ორგანიზაციას წარმოადგენენ? ჩვენ ხომ  სწორედ ფარას კანონის მეშვეობით გავიგეთ, თუ რამდენ თანხებს იხდიდნენ სააკაშვილ-კეზერაშვილი  საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ლობირებაში?

 

ნაც-პარტიები და ნაც-ენჯეოები მიუთითებენ, რომ ქართულ კანონპროექტსა და ევროკავშირის დირექტივის პროექტს შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ ევროკავშირის დირექტივისთვის გამჭვირვალობა მიზნის (საჯარო წესრიგის, კორუფციის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ და ა.შ.) მიღწევის საშუალებაა, ხოლო ქართული კანონპროექტისთვის გამჭვირვალობა მხოლოდ მიზანია. ასეც რომ იყოს, ჯერ ერთი, გამჭვირვალობაში რა არის „რუსული“, და მეორეც, გამჭვირვალობის მიზანი სწორედ ნებისმიერი კანონის დარღვევის გამოვლენისათვის პირობების შექმნაა.

 

რაც შეეხება „აგენტის“ თუ „უცხოური გავლენის“ ტერმინებით ვინმეს სტიგმატიზაციას, ამაზე უნდა ითქვას, რომ ჯერ ერთი, ტერმინი „აგენტი“ საერთოდ არ იხმარება კანონპროექტში, ხოლო რაც შეეხება უცხოური გავლენის გამტარებლის სტატუსს, ნაც-პარტიები და ნაც-ენჯეოები ამაყობენ იმით, რომ საქართველოში თესავენ უცხოურ, ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებს და თავი მოაქვთ სწორედ მათი მხარდაჭერით, რაზეც თუნდაც ამ პოსტის დასაწყისში მოტანილი განცხადებებიც მიუთითებს. უცხოელებიც ღიად და ამაყად აქებენ ნაც-პარტიებსა და ნაც-ენჯეოებს და არც უარყოფენ, რომ ისინი მათი გავლენების (ანუ ევროპული და დემოკრატიულ ღირებულებების) გასაძლიერებლად მუშაობენ. მაშინ რაღაში გამოიხატება მათი სტიგმატიზაცია?

 

მოკლედ, ამ კანონპროექტის მიმართ ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მისი საშუალებით მოხდება დამფინანსებლებისა და დაფინანსებულების ლუსტრაცია, გამომჟღავნდება, რომ სამოქალაქო აქტივობების დაფინანსების საფარქვეშ ხდება პოლიტიკური პარტიებისათვის გარედან დაკვეთილი საქმიანობის დაფინანსება, რაც კანონით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აკრძალულია“, - წერს ნანა კაკაბაძე.

 

big_banner
არქივი