logo_geo
„ვინმე ფიქრობს, რომ „უკლონისტ-ნაციონალებს“ ნაკლები დანაშაული მიუძღვით, ვიდრე „მიშისტ-ნაციონალებს“?“
- +

16 იანვარი. 2017. 21:49


 

„ახლა, როცა „ნაციონალები" დაიშალნენ (გაიყვნენ) და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ზოგიერთები მაინც ისევ ნოსტალგიით (თუ სიამაყით) იხსენებენ ქართველი „ნაცების" 9-წლიანი მმართველობის პერიოდს და მათ დიდ დამსახურებად უთვლიან იმას, რომ „აღმშენებლობის პროცესი" მიმდინარეობდა, ქვეყანა ვითარდებოდა და მერე რა მოხდა, თუ უსამართლო რეპრესიები და შეცდომებიც იქნა დაშვებულიო (ამას დანაშაულს არ უწოდებენ!)... მერე რა მოხდა, რომ დემოკრატიის პრინციპები ირღვეოდა - ეს ყველაფერი იმ დროისათვის ანუ გარდამავალი პერიოდისათვის თანმხლები მოვლენებიაო", - ამის შესახებ ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს.


„გამოდის, რომ „ნაციონალებს" ის ჩადენილი შეცდომები და გადახრები, ის ძალადობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე განახორციელეს, ის დანაშაულობები, რომლებიც მათ ჩაიდინეს, ვითომდა „ქვეყნის აღმშენებლობის" სახელით, უნდა ეპატიოთ?

 

ან შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ „უკლონისტ-ნაციონალებს" ნაკლები დანაშაული მიუძღვით, ვიდრე „მიშისტ-ნაციონალებს"?

 

ჯერ ერთი, ვინც „აღმშენებლობაზე" ლაპარაკობს, მხედველობაში უნდა ჰქონდეს ერთი მომენტი: „ნაციონალებმა" და მათმა ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა თუ რაიმე გააკეთა ცხრა წლის განმავლობაში (მთავარი, რითაც იკვეხნიან - ბიუჯეტის ზრდა), ისიც მხოლოდ ძირითადად მოსახლეობისა და ბიზნესის ძარცვის ხარჯზე. თუ რაიმე აშენდა, ისიც უცხოური მრავალმილიარდიანი დახმარების მცირე ნაწილით, რომლის დიდი ნაწილი ისევ „ნაციონალური" ხელისუფლების ჯიბეებში და პარტიულ ხაზინაში წავიდა. გარდა ამისა, არ დაივიწყონ, რომ 9-წლიანი მმართველობის დროს ყვაოდა ელიტური კორუფციაც. იქნებ ვინმემ თქვას, რამდენი პროცენტით შეამცირეს უმუშევრობის დონე 9-წლიანი მმართველობის დროს? განა ვინმე უარყოფს ნაცების მმართველობის დროს იძულებითი მიგრაციის მაღალ დონეს? განა არავინ გაერიდა, არავინ გაექცა რეპრესიებს? განა არავინ დაუპატიმრებიათ სხვაგვარად აზროვნების გამო? განა არავისთვის მიუწებებიათ იარლიყები? განა პატიმრების რაოდენობით ერთ-ერთ პირველ ადგილზე არ იყო საქართველო ევროპაში? არაფერს ვამბობ საგარეო-პოლიტიკურ შეცდომებზე... კიდევ ბევრი მაგალითების ჩამოთვლა შეიძლება იმდროინდელ „აღმშენებლობასთან" დაკავშირებით.

 

სხვათა შორის, გერმანელმა ნაცისტებმაც თავის დროზე, აღმშენებლობის სახელით, ბევრი შეცდომა და დანაშაული ჩაიდინეს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველობის პირველ, 5-წლიანი პერიოდში (1933-38 წლებში) მათ მოახერხეს უმუშევრობის ნოლამდე დაყვანა, განავითარეს ეკონომიკა, ააშენეს ავტობანები, საავტომობილო ქარხნები, უზრუნველყეს მოსახლეობის სოციალური დაცვა, წარმატებით ჩაატარეს ოლიმპიური თამაშები... ისინი მაინც დაისაჯნენ და სამართლიანადაც - იმიტომ, რომ მათ, რბილად რომ ვთქვათ, დაარღვიეს იმდროინდელი დემოკრატიის ელემენტარული წესები, დაარღვიეს ადამიანის უფლებები... მათ ციხეები პატიმრებით გაავსეს, შექმნეს საკონცენტრაციო ბანაკები... შექმნეს სიცრუის პროპაგანდისა და სიცრუის აგიტაციის ის ძირითადი პრინციპები, შეიმუშავეს სიცრუის გავრცელების ის ძირითადი მეთოდები, რომლებიც მოგვიანებით, მრავალი წლის შემდეგ, ნებით თუ უნებლიედ, სხვებმაც (მათმა სეხნიებმაც) გამოიყენეს...

 

რასაკვირველია, ქართველი ნაციონალების მესამე რეიხის ნაცებთან შედარება გადაჭარბებული იქნება, მაგრამ ეს იმათ გასაგონად, რომლებიც, ვიმეორებ, მზად არიან „აღმშენებლობის პროცესს" ადამიანის უფლებები შესწირონ, დემოკრატიის პრინციპები დაარღვიონ და საბოლოო ჯამში ქვეყანას და საზოგადოებას ზიანი მიაყენონ", - წერს კილაძე.


 

big_banner
არქივი