logo_geo
გია ნოდია: ორივე მხარემ გამაგრილებელი სასმელები უნდა დალიონ და ემოციები ჩაიცხრონ...
- +

17 იანვარი. 2017. 21:06


 

 

ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორ ჯგუფად გაყოფას ეხმაურება:

 

„ის, რაც ბოლო თვეებია „ნაცმოში" ხდება, ძალიან გავს ოჯახის დანგრევას (ახლა არ დაიწყოთ ქირქილი, ქმარი რომელია და ცოლი რომელიო, ყველა მეტაფორას თავისი საზღვრები აქვს). მე ამ ისტორიაში თავს ვგრძნობ ოჯახის ახლო მეგობრად, რომელიც გარედან (თანაც შორიდან - ამერიკიდან) უყურებს ამბავს. არასოდეს დამიმალავს, რომელი მხარე მიმაჩნდა უფრო ჩემიანად, თუმცა ბოლო მომენტამდე, სანამ რაღაც შანსი რჩებოდა (და ცოტა იმის მერეც) ოჯახის შენარჩუნებას ვგულშემატკივრობდი. ახლა ვეცდები, სიმპატიები დროებით გვერდზე გადავდო და ზოგადი შთაბეჭდილებები შევაჯამო.

 

განქორწინება გარედან (facebook-დან) ძალიან ცუდი საყურებელი იყო. სიტყვიერი პაექრობა (რომელიც ძნელად ეტევა ნორმატულ ჩარჩოებში) ძირითადად იმაზეა, რაზეც გაყრის პროცესში მყოფი ცოლ-ქმარი ჩხუბობს ხოლმე: ვინ ვის უღალატა და ვისთან, ვინ ვის როდის რა აწყენინა, ვინ როდის მიაყენა სხვას პირველი შეურაცხყოფა - ანუ, ვისი ბრალია, რომ გაყრა მოხდა. მეც გამოვთქვი ჩემი აზრი, ვის ინტერესებში იყო გაყრა, რაც შემეძლო ობიექტურად (ვიცი, მეორე მხარე ამას არ დამიფასებს), მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ საკითხზე დისკუსიები უაზროა, სხვას ვერასოდეს გადაარწმუნებ.

 

ახლა ახალი რეალობა დადგა: გაყრა შედგა, იურისტებმა ბოლო პროცედურები უნდა დააზუსტონ. ვიცით, ბინა და ავეჯი ვის დარჩა; მეორე მხარეს აბრალებენ, ტუალეტის ქაღალდი და ხალხის ხმები გაიტაცაო, მაგრამ ვერც ერთს მაინც ვეღარ დაიბრუნებ. ახლა უკვე ორივე მხარის მსჯელობაში ახალი მოტივი დომინირებს: კიდევ კარგი, გავიყარეთ, ან ამდენი ხანი ასეთ საშინელ ადამიანებთან რამ გაგვაძლებინა.

 

მართალია, ოჯახის შენარჩუნება მერჩივნა და არ ვთვლი, რომ ვცდებოდი (სერიოზული პოლიტიკური პარტიებისთვის ნორმალურია, განსხვავებული ჯგუფებისგან შედგებოდნენ, ოღონდ რაღაც საერთო მიზნები და ღირებულებებიც ჰქონდეთ), მაგრამ ამ ეტაპზე გაყრის ლოგიკურობასაც ვხედავ: მხარეებს შორის მართლაც სერიოზული განსხვავებებია ღირებულებების და პოლიტიკური სტრატეგიის თვალსაზრისით.

 

ხოდა, ორივე მხარემ დროულად უნდა შეიგნოს, რომ ამ სტადიაზე წარსულ ურთიერთობაში მტყუან-მართლის გარჩევას აზრი აღარ აქვს. გამაგრილებელი სასმელები უნდა დალიონ, ემოციები ჩაიცხრონ და ცხოვრება გააგრძელონ. ორივე ორგანიზაციას საკმარისი და რთული საქმეები აქვს.

 

ეს ის შემთხვევას არ ჰგავდა, როდესაც გაყრილი ცოლ-ქმარი „მეგობრებად რჩება"; მაგრამ პოლიტიკა და ოჯახი ხომ უნდა განსხვავებოდეს. საღი აზრი მოითხოვს, ერთმანეთს შეხედონ როგორც ერთდროულად კონკურენტებს და პოტენციურ პარტნიორებს: მომავალს და მოქმედების სტრატეგიას კი სხვადასხვანაირად ხედავენ, მაგრამ ამან, როგორც ჩვენში იტყვიან, „თემატური თანამშრომლობა" არ უნდა გამორიცხოს. ვინც ჯიუტად გააგრძელებს მეორე მხარის ნევროტულ ძაგებას, უფრო სუსტი და არაადექვატური გამოჩნდება. ახლა უკვე ასეთი აკვიატება შენს საწინააღმდეგოდ ტრიალდება: თუ ასეთი ცუდები იყვნენ, ამდენ ხანს რა გინდოდა მათთან? ისევ შენ გამოდიხარ, როგორც მინიმუმ, სულელი. პოლიტიკოსს კი, გულაცრუებული შეყვარებულისგან განსხვავებით, არა აქვს ფუფუნება, სულელი გამოჩნდეს",- წერს ნოდია.


 

big_banner
არქივი