logo_geo
„ვინ არის გელა ხვედელიძე?“ - ნინო ჯღარკავას სკანდალური განცხადება
- +

18 იანვარი. 2017. 13:27

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში გელა ხვედელიძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და აქვე ჰყვება, თუ როგორ გადაიკვეთა ხვედელიძისა და ელისო კილაძის გზები:

 

„ვინ არის გელა ხვედელიძე? გელა ხვედელიძე ვალერი ხაბურძანიას უშიშროების მინისტრობის დროს, იმერეთის რეგიონის უშიშროების სამსახურის უფროსი გახლდათ, კორუფციაში ეჭვმიტანილი, 2002-2004 წლებში კი ქვემო ქართლის უშიშროების უფროსი. აქ იწყება მისი მეგობრობა ვაჟა ლელუაშვილთან „შემდეგ მისი გვარი არავის ახსენდება, სანამ ,,ეროვნულ ფორუმში" გუბაზ სანიკიძის პირად მძღოლად და უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არ „ჩაენერგა". ასე მოხვდა „ეროვნულ ფორუმთან" ერთად 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან.

 

ცნობილი 26 მაისის მოვლენებამდე დემონსტრანტებს გელა ხვედელიძე ავარჯიშებდა „შეფიცულებს" ლისის ტბაზე, ეს ცნობილი ფაქტია. იმ ღამეს ასობით დემონსტრანტი დააკავეს, სცემეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს, თუმცა, გელა ხვედელიძისთვის ბუზი არავის აუფრენია, რატომ? „კუდმა" მიიღო დავალება, გელა „ჩვენი" კაცია და ხელი არავინ მოკიდოთო. ესეც დადასტურებული ინფორმაციაა.

 

2012 წლის არჩევნებზეც ხვედელიძე ფარულად ნაცების თერჯოლის კანდიდატს ბუცხრიკიძეს ეხმარებოდა, ნაწილობრივ უკვე გაშიფრული იყო რომ ვანო მერაბიშვილის მოადგილის ლორთქიფანიძის და „კუდის" იმჟამინდელი უფროსის მოადგილის ვაჟა ლელუაშვილის ე.წ „კადრი" იყო, მათთან იყო მიბმული. „ქართული ოცნების" წევრები მაშინვე ამრეზით უყურებდნენ და ბევრი კითხვებიც ჩნდებოდა, თუმცა, ხვედელიძეს ბიძინა ივანიშვილთან ავტორიტეტი მოპოვებული ჰქონდა, გარეთ კი ხვედელიძის გვარით სპეკულირებდა, ეკას ნათესავი ვარო.

 

შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ ინიშნება, აკავებენ „კუდის" ყოფილ მაღალჩინოსნებს და აქ უკვე ვაჟა ლელუაშვილის საპროცესო გარიგებას პირადად ბიძინა ივანიშვილს სთხოვს გელა ხვედელიძე, თავს „იშიფრავს".

 

შემდეგ იყო ცნობილი ფარესიშვილის ფარული კადრების გავრცელება, გელა ხვედელიძეს ამ საქმეში ადანაშაულებენ, აკავებენ და სამსახურიდან ათავისუფლებენ. პირობითი სასჯელით თავისუფელებაში რჩება და აქ იწყება მისი ახალი ბინძური გზა, შურისძიება ირაკლი ღარიბაშვილზე!

 

გელა ხვედელიძეს უკავშირდება იმ დროს ახალი ამოტივტივებული და ხელოვნურად შექმნილი გაზეთის, „ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე, რომელიც მანამდე მტრად იყო გადაკიდებული გელა ხვედელიძეს და ხშირად უწყობდა პრესკოფერენციებს, კვერცხების ბიზნესში ადანაშაულებდა. უკავშირდება კილაძე და შერიგებასა და მეგობრობას სთავაზობს. ასე დაიწყო ორი ბინძური ადამიანის ტანდემი, როგორ უნდა მოეხდინათ ირაკლი ღარიბაშვილის სახელის დისკრედიტაცია, ცნობილი საბჭოთა კაკებეშნიკური მეთოდით. ასე ხელოვნურად შექმნეს „კახური კლანი" და სიცრუის კასკადი, თამაზაშვილი ლობირებს ამ ბიზნესს, თამაზაშვილი ლობირებს იმ ბიზნესს, ჯანყარაშვილი აკონტროლებს ყველაფერს, მილიონები კეთდება ტენდერებში და ის „ცნობილი" გაურკვეველი ფაქტები, მეთოდმა დააბრალე და თავი იმართლონ, ხალხში იმუშავა და ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისმა გარემოცვამ დაღუპა!

 

გავიდა დრო და ვერავინ ვერც ის მოგებული ტენდერები აღმოაჩინა და ვერც თამაზაშვილის მილიონები, რაც არ იყო რას იპოვიდნენ. აქ ეხმარებოდათ ის ფაქტებიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შიგნითაც ბევრი მტერი ჰყავდა, ცალკე ხუხაშვილი ებრძოდა, ალასანიას ჯგუფი და „რესპუბლიკელები". ამ ყველაფერს ჯერ ჯანყარაშვილის წასვლა მოჰყვა და შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა!

 

მაინც ვერ მოისვენა ხვედელიძე-კილაძის დუეტმა, ახლა საჭირო იყო გელა ხვედელიძის სახელის რეაბილიტაცია და ისევ ბიძინა ივანიშვილის გუნდში დაბრუნება, რაც არცთუ იოლი საქმე იყო და უკვე გამოჩნდა მათი ხელისშემშლელი ფიგურაც სოსო გოგაშვილი, რომელმაც კარგად იცოდა ვინ იყო გელა ხვედელიძე ,როგორ უვრცელებდა ხმებს თითქოს გოგაშვილი და დიტო სამხარაძე „კუდის" აგენტები იყვნენ. ვერც ხვედელიძის მეგობრის ყოფილი უშიშროების თანამშრომლის გოგი ჯაბაურის „ ჩანერგვა" ვერ მოხერხდა გოგაშვილთან და ახალი ომი გამოაცხადა ელისო კილაძემ. ასე შეიქმნა მის კედლის გაზეთში ყოველკვირეული რუბრიკა „გამარჯობა სოსო".

 

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ასე გამომზეურდა ამ ბინძური ადამიანების გეგმები და მათი კავშირები მიხეილ სააკაშვილთან. აღარც ელისო კილაძეს და აღარც მის „ჩიტ" პოლკოვნიკ გელა ხვედელიძეს ამ ხელისუფლებაში მომავალი არა აქვთ, მათი „კარიერაც" დასრულდა!

 

სამწუხაროა, რომ ამ რამდენიმე, პატარა ადამიანების ბინძურ კამპანიას პატიოსანი და მართლაც პატრიოტი ადამიანები შეეწირნენ! ხალხიც ყველაფერს მიხვდა, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კაცის სახელით დადის, გელა ხვედელიძეს კი „ჩიტი" დაერქვა!

 

ახლა მე გეტყვით - გამარჯობა და მშვიდობით გელა, შენ ვერასდროს დაბრუნდები ქართულ პოლიტიკაში!" - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი