logo_geo
მანანა კობახიძე: შარშან, ნათლისღებას, იორდანეს ნაპირზე წამიყვანა ზაზამ...
- +

19 იანვარი. 2017. 03:44


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„შარშან, ნათლისღებას იორდანეს ნაპირზე წამიყვანა ზაზამ... მართლაც, უფლის საჩუქარი იყო იქ რომ მოვხვდით, წმინდა მიწაზე... იქ, უდაბნოს ქვიშაში პატარა მდინარე მოედინება, ისიც შუაზე გაყოფილი ისრაელსა და იორდანიას შორის. იქითაც და აქეთაც, ზედ მდინარის პირას იარაღმომარჯვებული მესაზღვრეები დგანან, დგანან და თავისი ქვეყნის საზღვარს დარაჯობენ... უამრავი ადამიანი იყრის თავს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა განიბანოს და ნათლისღების მადლს ეზიაროს. იმდენად პატარაა წყალი, საათობით იცდიან და მხოლოდ რიგრიგობით ჩადიან საგანგებოდ შეკერილ, თეთრ პერანგებში გამოწყობილი ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა. იქ მისულებს, ხომ ბევრი რამ გვყოფს და განგვასხვავებს, მაგრამ უფალი და მართლმადიდებლობა, მაინც გვაერთიანებს... იქ, თითქოს ყველა ახლობელია და ყველას უყვარს ერთმანეთი. და, როგორ გინდა, რომ მართლაც ასე იყოს, სულ ასე იყოს... ყველაზე მეტად კი, იმან გამახარა, თუკი სადმე იყვნენ მიმოფანტული, ისრაელში სამუშაოდ გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეები, ყველას იქ მოეყარა თავი. საოცარი სითბო, მონატრება, სამშობლოს და უფლის სიყვარული გავუზიარეთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე წყალში ჩასვლა და ერთმა არაჩვეულებრივმა ქართველმა ქალბატონმა გადაიცვა ჩემი პერანგიც, რომ იორდანეს ნაკურთხი წყლის მადლი ჩემთვისაც ეწილადა....

 

ნათლისღებას გილოცავთ მეგობრებო, ყველას, ვისაც გწამთ და გჯერათ, ვისაც გიყვართ, სიკეთის და სითბოს გაზიარება და გაცემა შეგიძლიათ, გფარავდეთ ამ დღის მადლი და უფალი შეგეწიოთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და ჩვენს, ჯერაც გაყოფილ სამშობლოს!", - წერს კობახიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი