logo_geo
ირმა ინაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე: ვიცი ამ დღისთვის რა გავაკეთეთ და ცუდია, როცა ამისი აღიარება კი არა, აღნიშვნაც არ ხდება
- +

28 დეკემბერი. 2019. 14:06

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ახლა ესაა მთავარი. ის, რომ ბატონი ვაჟა სწორედ დღეს დილით უნდა გაეთავისუფლებინათ, ვიცოდით ჩვენ და ამიტომაც დილის 10 საათიდან გამშვებ პუნქტთან ვიდექი მარტო. მკაფიოდ ვამბობ და სიმართლეს ვამბობ: არც ხელისუფლებამ იცოდა, რომ დღეს გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ, არც ოჯახმა. ვიცოდით ჩვენ: მე და დავით თარხან- მოურავმა.

 

ერგნეთში პოლიციის თანამშრომლებს ვუთხარი, რომ ჩემს ახლობელს ველოდი და როცა მანქანებს დაინახავდნენ, შეეტყობინებინათ ჩემთვის. პუნქტთან ჩემი მისვლის შემდეგ, გააქტიურდა ხელისუფლება და მისი სტრუქტურები და მანქანა მანქანაზე მოდიოდა. ზუსტად თერთმეტიდან თორმეტის ოც წუთამდე ჩვენი არხებით მქონდა ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია და ველოდი მასთან შეხვედრას, თუმცა უშიშროების სამსახურმა ბატონი ვაჟა ისე გაიყვანა ერგნეთიდან, პრაქტიკულად გააქრო, რომ გამარჯობის თქმაც ვერ მოვასწარი. სამაგიეროდ, გორის სამხარეო პოლიციაში მასთან ხელისუფლების წარმომადგენლებმა მყისიერად მოუხმეს დავით ბაქრაძეს, რომელმაც, ეტყობა, გაფრინდაშვილისთვის ბევრი „იშრომა“ და ინტერვიუებიც უხვად არიგა.

 

არ ვიცი, ვინ რას იწერს ან არ იწერს ან მისაწერ-მოსაწერი რაა (კაცი ახალ წელს სახლში შეხვდება), მე ვიცი კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის რა გავაკეთეთ ჩვენ და ცუდია, როცა ამისი აღიარება კი არა, აღნიშვნაც არ ხდება. და მეტიც, დავით ბაქრაძეს პოლიციაში უხმობენ, რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმოს და მე პოლიციის კარს მიკეტავენ, რისი უფლებაც არა აქვთ. არა უშავს, ღმერთი მაღალია.

 

ყველას გილოცავთ ამ კარგ დღეს. დანარჩენზე სხვა დროს ვისაუბრებ. მთელი ღამე მეღვიძა“, - წერს ინაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი