logo_geo
თინათინ მღვდლიაშვილი: რა კაცი გარდაიცვალა! ვაი, რა ვაჟკაცი დაკარგა საქართველომ - ზურაბ ბიჩინაგური!
- +

29 დეკემბერი. 2019. 16:25

 

პოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ მემეტები სიკვდილისათვის, ბიჩინაგურო.

 

ვაი, რა კაცი გარდაიცვალა!.. ვაი, რა ვაჟკაცი დაკარგა საქართველომ - ზურაბ ბიჩინაგური!..

 

საოცარი ხელოვანი, მეხმლე, ოქროსხელება!

 

ზურაბმა მიქარგ-მოქარგა და ოქრო-ვერცხლით მოავარაყა საქართველოს ისტორია!..

 

მთის კაცი იყო,,, თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ თავისი წილი მთა უბით დაჰქონდა!

 

სამშობლო უყვარდა! საქართველოს ისტორია უყვარდა! კაცი იყო! ცხენები, გრდემლი და ისტორიული საბრძოლო იარაღები უყვარდა!

 

ღვთისმოშიში იყო, ქრისტე უყვარდა!

 

ჭედავდა! ხმლებს ლესავდა! საქართველოს სიყვარულში იწვებოდა და აკი, დაიწვა კიდეც ბოლომდე! წავიდა უფალთან დიდი კაცი, დიდი ქართველი და დიდი ხელოვანი!..

 

ეჰ, ჩემი გული წაიღო ზურაბ ბიჩინაგურმა!

 

სადღაც რომ იყო, სადღაც რომ ფუსფუსებდა და ქართველობდა, ესეც კი მეიმედებოდა!

 

მშვიდობით, ქართველო კაცო! სულ ორჯერ შევხვდით ერთმანეთს, ჩვენი საერთო ძმის, შოთა ზედგინიძის წყალობით, მაგრამ არ დამვიწყებიხარ! რა დამავიწყებდა ქართველ ოსტატს?..

 

ალბათ, ზეცას მოაპირკეთებ, შეამკობ და შეალამაზებ, დიდებულო ქართველო ვაჟკაცო!..

 

განსაცვიფრებელი, დახვეწილი ქართული ორნამენტებით მოაჩუქურთმებ ვარსკვლავეთს!..

 

მე კი არა, შენი ხმლები, ფარდაგები, ეროვნული სამოსები და ცხენებიც კი ტირიან, ალბათ!...

 

შენი ნამუშევრები კერძო კოლექციებშია გაბნეული. ნეტავ, იციან, რომ გარდაიცვალე?

 

კონსტანტინე გამსახურდიამ მომწერა, რომ ტრადიციების, სიძველეების დიდი მოყვარული და ამასთან ოსტატიც იყავი - მის ხელს რა არ გამოსვლიაო? რომ იყავი კაცი, რომელიც ვაჟას ლექსების სულით ცხოვრობდი და აღესრულე.

 

განუსვენოს უფალმაო! - კონსტანტინემ.

 

არ მემეტები სიკვდილისათვის, ბიჩინაგურო!..

 

ვის უტოვებთ საქართველოს, ბიჭებო?!

 

ქართველების პოეტი - თინათინ მღვდლიაშვილი.

 

2019 წელი. 27 დეკემბერი

 

P.S. ახლახან დავბრუნდი პანაშვიდიდან. ჩემს ძალას აღემატებოდა სასახლეში მწოლიარე 56 წლის ბრწყინვალე გარეგნობის მქონე მეხმლის ყურება. სახეზე ღიმილი ჰქონდა შერჩენილი და რაღაც ღვთიური ნათელი ადგა. დედამისმა, ქალბატონმა ლამარამ, გასაოცარი რამ ჩაიდინა: უფლება მომცა, რომ ზურაბის შეჭედილ უბრწყინვალეს ხმალთან ერთად ფოტო გადამეღო.

 

ზურაბს რომ სხვა, ძლიერ ქვეყანაში ეცხოვრა, უმდიდრესი კაცი იქნებოდა. მაგრამ, ის დარჩა თავის სამშობლოში და ემსახურა საქართველოს! სახელოსნოც კი არ ჰქონდა ამ დიდებულ კაცს! თანაგრძნობას ვუცხადებ დედამისს, ქალბატონ ლამარას, დას - თამარს და ზურაბის შვილებს.

 

თანაგრძნობას ვუცხადებ ზურაბის მეგობრებს, მთიდან ბარში რომ დაეშვნენ თავზარდაცემულები!.. მადლობას ვუხდი შოთა და გიორგი ზედგინიძეებს, ზურაბის სახლში რომ მიმიყვანეს!..

 

შენც თანაგრძნობას გიცხადებ, საქართველო!

 

ხვალ, 29 დეკემბერს ჩაიკრავ გულში ზურაბს!...

 

შეხვედრამდე, მეხმლევ!.. იმქვეყნად შეჭედე ხმალი, სახელად „ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“... ადრე რომ გთხოვე, ხომ გახსოვს?... არ შემპირებიხარ, თვალებგაფართოებული მიყურებდი, ფიქრობდი!.. სამწუხაროდ, არ დაგცალდა!..

 

ხვალ მამა იოსებ ხოხონიშვილი გაგისტუმრებს ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრიდან.

 

უფალს ებარებოდე, ხევსურო!“ - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი