logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ბრძოლაგამოვლილი ქალი, სრულიად მარტო აღმოჩნდა
- +

9 თებერვალი. 2020. 20:22

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ცნობილ მსახიობ ლალი ბადურაშვილს იხსენებს და სოციალურ ქსელში მასთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად სტატუსს აქვეყნებს:

"ობიექტივში" სტუმრობისას, გადაცემამდე ან გადაცემის შემდეგ აუცილებლად შემოვიდოდა ჩემს სამუშაო ოთახში და, - "უხ, კარგი იყო!" - მეტყოდა, რომელიმე გადაცემაში ჩემს "გადარევაზე".

ყველაფერს უყურებდა, სულ პულსზე ედო ხელი. მეც მის გამოსვლებზე ველაპარაკებოდი. ძალიან ახლობლად მეგულებოდა და მისგანაც საოცარ კეთილგანწყობას ვგრძნობდი. შინაურულად ვსაუბრობდით, თითქოს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა.

ვიღაცის ხსენება ან რაღაც რომ არ მოეწონებოდა, იტყოდა, - "მოიცა ერთი!"

მოგეხსენებათ, მეც ბევრი ლაპარაკი მიყვარს და ემოციური საუბრისას უცბად მაჯაზე ჩამავლებდა ხელს და ასე მაჩუმებდა.

ერთხელ გადაცემიდან გამოსულმა კინოს სახლის ლიფტთან აზრი მკითხა და მეც (როგორც მჩვევია და მასთან მით უმეტეს! ქართლური სიალალით ვუთხარი, - "ეგ რამ გათქმევინათ, რომ ფული არ ჰქონდათ და 50 ლარი მეზობლებში 10-10 ლარობით  ისესხეთ? ამის შემდეგ, როცა დაგჭირდებათ, დამირეკეთ და თუ არ მექნება, ვიშოვი და მოგცემთ!"

იქვე, მოშორებით, ახალგაზრდა კაცი იდგა, მკრთალი განათება იყო და სახეზე არც შემიხედავს.

"ქალბატონ ლალის მაგას როგორ ეუბნებით?!" - ცოტა მკაცრად და საყვედურით მითხრა.

ახლა იმას მივუბრუნდი, - "დიახ, სწორედ ქალბატონ ლალის ვეუბნები. ცნობილი ოჯახი ჰყავს, შვილი, შვილიშვილი. ასე რატომ უნდა თქვას ტელევიზიით? ხალხი რას იფიქრებს, ლალი ბადურაშვილს ისე უჭირს, რომ 50 ლარსაც 10-10 ლარობით სესხულობს?! თუ მათთვის ერიდება თხოვნა, ჩვენ რას ვაკეთებთ?!"

ახალგაზრდა კაცს პასუხი არ დააცადა, მაჯაზე ხელის "საფირმო" მოკიდებით გამაჩერა და მითხრა: "გაიცანი, ეს ჩემი შვილია, ერეკლე!"

ასე გავიცანი ერეკლე ბადურაშვილი, რომელმაც არ იცოდა, რომ გადაცემის დაწყებამდე ჩემს ოთახში "ერთი ჩხუბი უკვე მოვასწარით", გადაცემის გამო ერთსაათიანი "ტაიმ-აუტი ავიღეთ" და ახლა "ჩვეულებრივად ვაგრძელებდით."

შემდეგ, ისე რომ მაჯიდან ხელი არ აუშვია, ძალიან ახლოს მოვიდა და მკითხა: "მართლა ძალიან ცუდად ვთქვი?"

მის თვალებში დავინახე, რომ ჩემ პასუხს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

"ძალიან ცუდად არა, მაგრამ წარმოიდგინეთ, თქვენი გამოსვლებით რამდენ ადამიანს აძლევთ იმედს, თქვენ კი ისე გამოგივიდათ, თითქოს წუწუნებდით. თქვენ ძლიერ ადამიანად გიცნობენ და სისუსტე სიყალბედ გამოჩნდება. მაინც არავინ დაიჯერებს."

"ჰო, მართალი ხარ, ვინ დაიჯერებს, მაგრამ მართლა ეგრე იყო. ერეკლესთვის არც მითქვამს და ახლა ისიც გამიბრაზდება," - მითხრა და გამიღიმა ისე, როგორც ძალიან ახლობელ ადამიანებს უღიმიან. - "არადა, ის ფულიც ჩემთვის კი არ მინდოდა, ახლობელმა მთხოვა და იმწუთას არ მქონდა, უარს კი ვერ ვეტყოდი."

აი, ასეთი იყო ლალი ბადურაშვილი! 

ჩვენი ემოციური საუბარი, ალბათ, კიდევ ერთ საათს გაგრძელდა. ერეკლე ჩუმად გვისმენდა და, ალბათ, ხვდებოდა, როგორ მეძვიფასებოდა ჩემი თანამოსაუბრე. დედა-შვილი ღიმილით დამემშვიდობა.

მანამდეც და შემდგომაც ჩვენი ყოველი შეხვედრა იყო ორი ძალიან ახლობელი ადამიანისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა კეთილგანწყობის გამოსახატავად.

საოცრად მებრძოლი სულის ქალბატონი იყო, სამართლიანი, შეუპოვარი!

ბევრმა არ იცის, რომ მოძალადე რეჟიმთან და მის ნარჩენებთან ბრძოლის დროს ქალბატონ ლალის ის ტკივილი აძლიერებდა, რომელიც ათწლეულების წინ, ახალგაზრდობაში გადაიტანა. ეს იყო მოძალადე სისტემასთან ბრძოლაგამოვლილი ქალი, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდა სრულიად მარტო, და რომელმაც ის წინააღდეგობაც გადალახა. ამის ცოდნა მის მიმართ პატივისცემას მიასკეცებდა.

ამიტომაც ვერ ეგუებოდა ძალადობასა და უსამართლობას, მის ემოციას კი გულწრფელობა განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.

საოცარი ადამიანი იყო ქალბატონი ლალი ბადურაშვილი, საოცარი!

  1. შ. ძალიან მიყვარდა და პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, თელავში შეხვედრისას, ქალბატონი ლალის და კიდევ ერთი მშვენიერი ქალბატონის - ნელი კობიაშვილის "დატყვევების" შანსი ხელიდან არ გავუშვი.

 

 

 

big_banner
არქივი