logo_geo
ლიგია მუშკუდიანი: ბატონი თემური გამოვიდა სცენაზე და მიკროფონში დაიძახა - დამენახე, კონცერტის მერე უნდა მოგკლაო
- +

13 თებერვალი. 2021. 20:00

 

თემურ წიკლაურის მეგობარი, ლიგია მუშკუდიანი სოციალურ ქსელში, მომღერალს იგონებს და მათ თავს გადამხდარ პატარა ისტორიას გვიზიარებს:

 

„იმ კონცერტზე მართლა "გადავრჩი" რომ არ მომკლა. რიგით მესამე კონცერტს ვაკეთებ ათენში და კონცერტის წინა დღეს ანუ შაბათს დედა მეუბნება:

 

- იცი ბატონი თემური რომ ფილმში "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" ბელაფონტეს როლს რომ თამაშობსო?

 

 ნამდვილად არ ვიცოდი. კომპიუტერი ჩავრთე და მთელი ფილმს თავიდან ბოლომდე ვუყურე.

 

ამასობაში ღამის 3 საათიც გახდა. უცებ გადავწყვიტე ბატონ თემურისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და კონცერტი ამ ფილმის ნაწყვეტებით დამეწყო, თუმცა მეშინოდა კიდეც მის შეუთანხმებლად რომ ვაკეთებდი ამას და ჩემს მეგობარს, ბატონ ლევან რამიშვილს დავურეკე. ის იყო ჩემი ხმის ოპერატორიც, გამნათებელიც, გადამღებიც და ერთი სიტყვით ყველაფერი. ნამძინარევმა აიღო ყურმილი. სანამ აზრზე მოვიდოდა მივაყარე:

 

 -გინდა მეჩხუბე, გინდა მაგინე, თუ გინდა ხვალ კონცერტის მერე კიდეც მცემე, ოღონდ ახლავე გამიკეთე ვიდეო კოლაჟი და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, თუ ხვალ ბატონი თემური კმაყოფილი იქნება მე დავიბრალებ, თუ უკმაყოფილო, გეხვეწები შენს თავზე აიღეთქო. რაღაც ჩაიბურტყუნა და ყურმილი დამიკიდა.                              

 

 მეორე დღეს დარბაზი ხალხით გადაივსო. შუქები ჩავაქრეთ, დარბაზი გაისუსა. დარბაზის შუაგულში ვდგავარ და გულს ბაგა ბუგი გაუდის. კულისებში ვხედავ ბატონი თემური ემზადება სცენაზე გამოსასვლელად. სცენაზე ეკრანი განათდა და... თვალებზე ხელი ავიფარე და პატარა ჭუჭრუტანიდან ვაკვირდები თემოს რეაქციას... ეკრანს უყურებს გაოცებული და ვერ ხვდება რა ხდება... დარბაზიც ახმაურდა, ვერ ხვდებიან რატომ ვუშვებთ ამ შავ თეთრ ფილმის ნაწყვეტებს... დამთავრდა ჩვენება, სცენა განათდა, ბატონი თემური გამოვიდა სცენაზე და მიკროფონში დაიძახა:

 

- ლიგია სადა ხარ დამენახე, იცოდე მაინც ვერ გადამირჩები, ამას შენს მეტი ვერავინ მოიფიქრებდა, გაემზადე კონცერტის მერე უნდა მოგკლაო. მერე კი ფილმის ისტორიაც მოყვა.. კონცერტის დამთავრებისთანავე სანამ "მომკლავდა" მე თვითონ ვუთხარი, მე არაფერ შუაში არ ვარ ლევანი მოკალით, ყველაფერში მაგი არის დამნაშავეთქო... .უცებ გადავაბრალე. მერე მითხრა რომ ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა ეს სიურპრიზი. კიდევ რამდენი რამე მაქვს გასახსენებელი..

 

დღეს აღარც ბატონი თემური გვყავს ცოცხალი და არც ბატონი თამაზ თოლორაია - ამ ფილმის "ღიმილის ბიჭები" ნათელი მათ ხსოვნას.

 P.S. დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, რომელიც ყოველთვის უანგაროდ მიდგას გვერდში, ჩემს მარინა გელოვანს. ეს ვიდეოც მან მომაწოდა რომ გამეზიარებინა. მადლობა მარი,“ - წერს ლიგია მუშკუდიანი.

 

big_banner
არქივი