logo_geo
ზურა შევარდნაძე: ამ ამბავზე ლაპარაკობდა ექიმი მჟავიათი დაწყებული კარისკაცით დამთავრებული, ყველა...
- +

9 მარტი. 2021. 11:08

 

მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში თავისი ბავშობიდან ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენეს. ზურა წერს, თუ როგორ მოიყვანა სახლში ლეკვი გასაზრდელად, როგორ გახდა შემდეგ იძულებული ბებიამისი, მისი ძაღლი სახლიდან გაეშვა და როგორ იგრძნო გაგდებულმა ძაღლმა პატრონის ავადმყოფობა.

„ადრე დილას ბებიამ სიმინდი გადარეკა და საფქვავი გაამზადა. ბაბუამ ტომარა გოდორში ჩადო და ბიქტორა ჩავლეშვილისას წაიღო წიქვილზე, მეც ავედევნე... ბებიამ მოგვაძახა „არ დამიპიპკოს იცოდე, ხოროში მირჩონია საჭადედ... ერთი სამი კილო გული გამეიღოს საფელამუშედ გასამერდინებლად...“

 

მეწისქვილე სარეკელს ფხეკდა წისქვილის წინ თხემლის ძირში. ბიქტორამ ჩვენს ტომარას ნახშირით დააწერა „მერიკო, ხოროში“ და სკამლოგინაზე ჩამოდო, ნაშუადღევს დაგვიბარა.

 

წისქვილის წინ მოზრდილ ყუთში ბიქტორას სამფეხა ძაღლს, რომელსაც ფეხების რაოდენობის გამო როიალას ეძახდნენ, ემშობიარა და შვიდი ერთიმეორეზე ჭრელი ლეკვი მზის გულზე გამოეფინა. გადავირიე და შავ თეთრთათებიან ლეკვს ვეცი, ბიქტორას ცოლმა ნინამ მითხრა, „თვალი გუშინ გამოანჭყირეს ნენა, ჯერე ცოდუაა, ჭამოს ერხანს ძუძუ და არიკაცს არ გავაკარებ, შენ გაგტანო“. მას მერე ყოველ დღე დავდიოდი წისკვილზე.

 

შინ ორი ძაღლი გვყავდა, ამიტომ ლეკვი დედულეთში, ბახვში წავიყვანე ბებიასთან. ბებიამ საძროხის წინ მიუჩინა ყუთი, დილას და საღამოს მოწველილ რძეს უხვად ჩაუთქრიალებდა ალუმინის საღანში, ისიც დაეწაფებოდა. ცხვირს რომ ამოყოფდა ჭურჭლიდან, შავი სახე რძით ქონდა მოსვრილი, მოდღურული, ამიტომ სიყვარულით „მოდღუ“ დავარქვი.

 

საშუალოზე პატარა ტანის, ეზოს ძაღლად მალე გადაიქცა „მოდღუ“, მხიარული და ძალინ ერთგული გამოდგა, მარა ეშმაკი რომ შეუჩნდება რამეს...

 

გაწუწკდა „მოდღუ“ და ბუდეებს შეჩვია, ქათამი აკაკანებული არ იყო, მიადგებოდა და ამოსვლეპდა კვერცხებს საბუდარიდან. მძევალსაც არ ტოვებდა.. ჩვენს ბუდებს რომ ჩამოუვლიდა, მერე მეზობლების საქათმეებს სტუმრობდა.

 

ჯერ მორიდებით და ბოლოს იმატა მეზობლების ავმა საჩივრებმა. „კვერცხი არ შეგვარჩინა, შურა დია“, „ქათმები დამიფთხო და ბუდეს აღარ ეკარება არცერთი“, „მოჭვა წამოაგდო გუშხამ ბუდიდან მაგ მოსასპობელმა“, კი მერიდება მარა, აღარაა საშველი, შურა დია...“

 

„წუწკი ძაღლის გულობიზა ამდენ ნაფერებ მეზობელს ვერ მევინდურებო“, თქვა ბებიამ და მივხვდი, ცუდად დამთავრდებოდა „მოდღუს“ ამბავი.

 

ადრე დილას ლოტარა ბრიგადირს გაურიგდა, ქალებს რომ წეიყვან ჩაში, წყალწითელაში გაგატან და გუუშვიო.

 

სკოლიდან რომ დავბრუნდი, „მოდღუ“ აღარ დამხვდა, ლოტარა ბრიგადირმა - „ბეგლარიძის წისქვილთან დავტიე დვაბზუში, მაღაზიებია, სასდილოებია, ბევრი ხალხი ტრიალობს და არ დეიმშევაო“. იმ ღამეს არ მძინებია და მას მერე ბევრი ღამე „მოდღუზე“ დარდში გავათენე. ყველა, ვინც კვერცხის გამო „მოდღუს“ უჩიოდა, ბოროტად შევრაცხე.

 

იმ ზამთარს ბებიას დიდი სანერვიულო შეხვდა და არ იყო კარგად. ოზურგეთელმა გულის ექიმმა მჟავიამ - საავადმყოფოში უნდა დაწვეთო. ექიმის სიტყვა კანონი იყო და მივგვარეთ ბებია მჟავიას.

 

დანარჩენი მონაყოლი ვიცი, იმ ღამეს, ბებია რომ დავაწვინეთ, ძაღლების ყმუილს და ყეფას გადუტანია ოზურგეთის საავადმყოფოს ეზო. ბებიას „მოდღუს“ ხმა უცვნია, ფანჯრიდან გადაუხდავს და რა დაუნახავს? „მოდღუ“ შვიდი, თავისნაირი ლეკვით... ბებიას გული აჩუყებია, ეზოში ჩამოსულა და კარისკაცმა გვიამბო - „მოვხუცდი კაცი და აქამდე ამფერი აფერი არ მინახავსო...“ თავიდან ფეხებამდე ლოკავდა თურმე ბებიას ძაღლი.

 

იმ დღიდან ბებიას გამოჯანმრთელებამდე მნახველების მიტანილი ფუნთუშებით და მაწონით იკვებებოდა „მოდღუ“ და მისი წვრილშვილი. ამ ამბავზე ლაპარაკობდა ექიმი მჟავიათი დაწყებული კარისკაცით დამთავრებული, ყველა.

 

„მოდღუ“ და თავისი ლეკვები ბებიას ფანჯრის ქვეს დაბანაკდენ და არ სცილდებოდენ იქაურობას. მოკეთებული ბებიას მოსაკითხად მამა და მე მივედით, ბებია წინ ჩავსვით, „მოდღუ“, მე და მისი შვიდი ლეკვი უკანა სავრძელზე მოვთავსდით. გვაცილებდა ყველა, ექიმი, ექთანი, სანიტარი, პაციენტები... მას მერე ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი, არ ვიცი. იმ ღამესაც არ მიძინია...

 

ბებიამ მე, „მოდღუს“ და მის შვილებს დუსტი მოგვაყარა უხვად, მერე დიდ ჩახანაში წყალი გაათბო და ძაღლი და ლეკვები სარეცხი საპნით დავბანეთ. სამონელით მოვაცილეთ ძველი ბეწვი.

 

ბებიას სანახავდ მოსულმა მეზობლებმა თითო ლეკვი უსიტყვოდ წაიყვანეს, ერთი ნაჭყებიებმა, ერთი ცეცხლაძეებმა და ანდღულაძეებმა. კლარა ბიცოლამ ორი წაიყვანა და ერთი ერკეთში გაუგზავნა ქალიშვილს. ლოტარა ბრიგადირმაც წაიყვანა ერთი. „მოდღუს“ სულ გვრცხვენოდა, რომ ასე მოვექეცით და გვიკვირდა, არაფერი რომ არ ეწყინა და მაინც ერთგული დარჩა ჩვენი.

 

„მოდღუმ“ ბედნიერად, ლაღად იცხოვრა ბებიასთან აგერ ჩემს სტუდენტობამდე, კვერცხისკენ და ბუდისკენ არასდროს აღარ გაუხედავს“, - წერს შევარდნაძე.

 

 

 

big_banner
არქივი