logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ვკითხულობ და ძალიან მიკვირს!...
- +

1 დეკემბერი. 2016. 13:58



პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„დღევანდელ ეკონომიკურ ანალიზებს რომ ვკითხულობ - და ყველა ექსპერტი როგორ გახდა, ძალიან მიკვირს - ისე, მგონია, გვავიწყდება ადამიანის უფლებების უგულებელყოფის, საზოგადოების დაჩმორების და ტერიტორიების დაკარგვის გარდა, რომ ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული სააკაშვილის რეჟიმმა სწორედ ეკონომიკის მიმართ და ეკონომიკური აზროვნების კუთხით ჩაიდინა. აქ საუბარი არაა მხოლოდ ბიზნესის დატერორებაზე და ფაქტობრივად, ბიზნესისთვის თავისუფალი გარემოს მოსპობაზე (რა თავისუფალ ბაზარზე გველაპარაკებიან ?), მხედველობაში მაქვს ასევე დიდი დანაშაული: დამკვიდრება იმ აზრის, რომ ნებისმიერი სახელმწიფო გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობის აღება ეკონომიკურ და ფინანსურ დარგში, უდრის თავისუფალი ბაზრის თამაშის წესების დარღვევას და მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღქმული უნდა იყოს. ამ დროს დავიწყებულია მართვის ასევე საკრალური წესი, რომ ხელისუფლება არსებობს იმისათვის, რომ დაიცვას თავისი უკიდურეს დღეში მყოფი (და არა მხოლოდ ისინი) მოქალაქეები. და ეს არ ნიშნავს სოციალისტურ მიდგომას. ეს ბალანსი თავისუფალი ბაზრის მოთხოვნების, და აუცილებელი სოლიდარობის კომპონენტთა შორის, არის ის ოქროს საზომი, რომელსაც ეძებს მთელი ევროპა და რომელიც უნდა მოვიპოვოთ, თუ გვინდა, ერი და სახელმწიფო არსებობდეს, როგორც ასეთი!!! ეს არის სწორედ ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვმსჯელობთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე. და არა ის აბსურდული წინადადებები, რაც ზოგი „კომპეტენტური" პირებისგან მესმის: „მე რატომ უნდა გადავიხადო სხვისი აღებული სესხი", ან სხვა ამდაგვარი...

 

სხვა არის, რომ სესხების ნაწილობრივ ლარიზაცია უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ფინანსური კრიზისის მოგვარების ინსტრუმენტი და ლარის სტაბილიზაციას სხვა კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

და კიდევ სახელმწიფოებრივ კუთხით, რომელსაც აწვებიან ზოგი, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, რომ ლარში არ იყოს გამოხატული ფასები, ეს იქნება აქაური მომსახურებისა (მაგალითად, კერძო სასწავლო დაწესებულებებს რატომ ეძლევათ საშუალება, რომ სწავლის საფასური იყოს მიბმული დოლარის კურსზე და ამდენად ცვალებადი, როცა გაცემული ხელფასები თუ სხვა მათი დანახარჯი ლარზე იწერება) თუ იმპორტის შემთხვევაში. რატომ უნდა იყოს მისაღები ოფიციალურად დოლარის კურსზე მიბმა ფასების (ზოგ მაღაზიაში ლარის მაგივრად ასეთი ერთეული არის გამოყენებული)... იმპორტიორი იმის არის, რომ თავის თავზე აიღოს სწორედ კურსის შეცვლის ნაწილობრივი რისკი... ხან იგებს და ხან აგებს, ოღონდ ურისკო ბიზნესი, სადაც ყველა ცვლილება მხოლოდ მყიდველის ჯიბეზე აისახება და არა თვით იმპორტიორის მოგებაზე, გაუმართლებელია... ქვეყანა, რომელიც არ იცავს ელემენტარულ წესს, რომ თავის ეროვნულ ვალუტაზე ხდებოდეს კონტრაქტების გაფორმება (ბინების ყიდვის თუ გაქირავების), თავის თავს პატივს არ სცემს... და მხოლოდ ბანკების დაწესებული თამაშით თამაში როდისღა ითვლებოდა როგორც თავისუფალი ბაზრის სამაგალითო ფორმა?" - წერს სალომე ზურაბიშვილი.


 

 

 

big_banner
არქივი