logo_geo
მარიამ წიკლაური: „ცოცხალ წიგნებზე“ და არა მხოლოდ
- +

14 აგვისტო. 2023. 14:48

 

 

„მწერალთა სახლის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და მის ხელმძღვანელად ქეთი დუმბაძის დანიშვნის შესახებ პოეტი მარიამ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ამ გაუგონარ ბულინგსა და ადამიანებისადმი შეურაცხყოფაში, საზოგადოებას უქმნიან აზრს: რომ „მწერალთა სახლი“ - თავისუფლების უკანასკნელი ბასტიონი, როგორც მას ახლა შეარქვეს, და მთელი მისი გუნდი მუხლჩაუხრელად მუშაობდა ლიტერატურის განვითარებისთვის და ქეთი დუმბაძე კი, ეს 8 წელიწადია (ლიტერატურის მრჩეველი რაც გახდა კულტურის სამინისტროში) და მთელი ცხოვრებაც,  მხოლოდ „ნოდარის გოგოა“  და მხოლოდ ე.წ. „რუსულ კანონის“ მიღებას აძლევდა ხმას. რომ არაფერი გაუკეთებია იმავე ლიტერატურული პროცესების განვითარებისთვის გარდა იმისა, რომ მწერლებს რესტორნებში აჭმევდა და ასმევდა,  თითქოს არც თავდაპირველი „ლიტერა“ იყო მაგის ხელშეწყობით გაკეთებული, არც „გოგებაშვილის პრემია“ და არც არაფერი... ვინც საქმეში ჩახედული არაა, ყველაფერს დაიჯერებს, რადგან საზოგადოება მიდრეკილია ნეგატივისადმი და ურჩევნიათ, ეს ირწმუნონ, ვიდრე ქეთის  ხელშეწყობით გაკეთებული საქმეები. მაგრამ მე ეს უცნობთა მასა და მათი არაადეკვატური შეფასებები  კი არ მანერვიულებს, მე მაოცებს ავტორთა დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ.

 

მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც შემიძლია ვთქვა, ვინ რას აკეთებდა, და მათ შორის ვინ აკეთებდა „ცოცხალ წიგნებს“ - ერთ პროექტს, რომელმაც არსებობის 8 წელიწადში შეძლო ყოველგვარი პარტიული და ღირებულებითი მიკუთვნებულობის გვერდის ავლით, კულტურის 3 სხვადასხვა მინისტრის მუშაობის პერიოდში, კულტურის სამინისტრო დაერწმუნებინა იმაში, რომ ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ღირებული მწერლისთვის საჭირო იყო ფინანსური თანადგომა-ჰონორარები, მათი შეხვედრები და პოპულარიზაცია მკითხველთან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათი გაყვანა, თარგმნა, გამოცემა და შეხვედრების ორგანიზება საზღვარგარეთ. საჭირო იყო „მწერლის თეატრის“ შექმნა, საჭირო იყო მწერლების შეყვანა სკოლებში, პენიტენციარულ დაწესებულებებში, საჯარისო ფორმირებებში, საჭირო იყო საბავშვო ლიტერატურასა და ზოგადად ლიტერატურაში ახალი ლიტერატურული კონკურსების დაარსება, საჭირო იყო უცხოელი მწერლების ჩამოყვანა,  მთარგმნელობითი ვორკშოპების მოწყობა, ემიგრაციასთან და ქართულ საკვირაო სკოლებთან ურთიერთობა, ინგლისურენოვანი ლიტერატურული ალმანახების დაბეჭდვა, საინტერესო კრებულების გამოცემა და ბევრი სხვა საქმეც, რომლშიც თანადგომა სჭირდებოდათ მწერლებს, იმით დამთავრებული, ვინ საავადმყოფოში მოხვდებოდა და ვინ რა გაჭირვებაში დაისაჭიროებდა ადამიანურ თუ ფინანსურ თანადგომას. სამწუხაროდ, დიახ, ურთულეს საზოგადოებად ჩამოვყალიბდით, დესტრუქციულ  საზოგადოებად...  წლებია, გადაგვაყოლეს საქართველოც და ხალხიც პოლიტიკურ თამაშებს, ბინძურ ინტერესებს, და თვალნათლივ ჩანს ყველაფერი, ყველაფერი ზედაპირზე დევს, ქვეყანაც შეცვალეს, ადამიანიც!  მაგრამ გაკეთებულ საქმეს სად წაუხვალ, ფაქტებს, ფოტოარქივებს, საქმეებს, გამოცემებს? 

 

შვედეთი, ისრაელი, იტალია, გერმანი, თურქეთი, საფრანგეთი - აი, ქვეყნები, სადაც გამოცემულა ქართველი ავტორები სწორედ „ცოცხალი წიგნების" ეგიდით, სადაც ჩასულან ქართველი ავტორები ლია სტურუა, პაატა შამუგია, ეკა ქევანიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ტარიელ ხარხელაური, მანანა ჩიტიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ეთერ თათარაიძე, ელა გოჩიაშვილი, ნინია სადღობელაშვილი და სხვები. მთელი საქართველო მე და ჩემმა კოლეგებმა სწორედ „ცოცხალი წიგნებით“ მოვიარეთ! არ ვიცნობდით ჩვენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მიწა-წყალს. შეიძლება ვიღაცამ ვერც წარმოიდგინოს, რომ მწერლებმა პირველად ნახეს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი გაიცნეს! ეს დიდი საქმეა, ვისაც ესმის რამე ამ ცხოვრებისა.  დღეში 3 და 4 შეხვედრაც კი ჩაგვიტარებია რეგიონებში, სულ გადარბენაზე ვიყავით და  დღის ბოლოს თუ ვინმე გვიმასპინძლებდა, თუ არა და, სახელმწიფოს ჩვენთვის ჰქონდა აღებული საოჯახო სასტუმროები და შინაური ვახშამი, არავის ხარჯზე არ გავუშვივართ არასდროს! რამდენი ბედნიერი წუთი ჩვენ ერთმანეთთან გაგვიტარებია ასეთი მოგზაურობის დროს, იმდენი სიკეთე ჩემ შვილიშვილებს. როგორ შევიყვარეთ ერთმანეთი მწერლებმა, როგორ გავიცანით ერთმანეთი, როგორ დავმეგობრდით - ეს სხვა დიდი თემაა. პირველ წელს რომ ვნახეთ, მთელ საქართველოში არცერთ ბიბლიოთეკაში არ იყო თანამედროვე მწერლის არცერთი წიგნი, ქეთიმ ორტომეული გამოსცა „ცოცხალი წიგნები“ პროზა და „ცოცხალი წიგნები“ პოეზია - და ამას  ვარიგებდით მთელ საქართველოში უფასოდ შეხვედრებზე. ზურგზე მოკიდებული ტვირთით გვივლია, რომ კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები, ალბომები, ლიტერატურული პერიოდიკა საქართველოს სხვადასხვა დაბასა და სოფელში ჩაგვეტანა და  ქეთი ფიზიკურად იდგა და ამ ამანთებს, მძიმე წიგნებს კრავდა და  საკუთარი ხელით უმზადებდა ბიბლიოთეკებს... ათასი რამის თქმა მინდა, მაგრამ გაიგებთ?  თქვენი გაუხეშებული-გაპოლიტიკურებული ნერვი იგრძნობს, რამდენი რამ დგას ამის უკან?  როგორ ვცდილობდით, რომ ავტორები გაგვეხარებინა, ხან წელიწადში ორჯერ და სამჯერაც ვსვამდით ჯგუფში, ჰონორარი რომ აეღო თუნდაც, მრავალშვილიან ოჯახებს ოდნავ დავხმარებოდით, ხან მეგობრებადაც ვიმატებდით, რომ ორი-სამი დღე სიამოვნება რგებოდათ მწერლებს ამ მოგზაურობებით. კი, ხან რესტორანშიც უმასპინძლიათ ჩვენთვის. მთელი დარბაზები ტაშით ინგრეოდა, როცა გაიგებდნენ, ხოლმე, რომ ნოდარ დუმბაძის ქეთი იყო მათთან სტუმრად... ხალხს ვერ აუკრძალავ მწერლის სიყვარულს, მაგრამ რამდენი რამ გააკეთა „ამ ნოდარის გოგომ“ სწორედ იმიტომ, რომ ნოდარ დუმბაძე იყო მამამისი და ზუსტად იცის, რაა მწერლის ცხოვრება!

 

მაინც გამიგრძელდა სიტყვა... ჩვენ ჯგუფებში გვყავდნენ არა მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრები ავტორები,  გვყავდნენ შშმ პირი ავტორები, ლტოლვილი ავტორები, ვცდილობდით, ყველასთვის გაგვეყო ამ ერთი, მცირებიუჯეტიანი პროექტის შესაძლებლობები!  არასოდეს არ ვყოფილვართ სნობური მიდგომების გამტარებლები! არ შეიძლება ამის დავიწყება. ასეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული არასდროს ვყოფილვართ, როგორც ახლა ვართ, მაგრამ ამ სიტუაციამ სინდისი არ უნდა დაგვიკარგოს!

 

ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ჰონორარებს გასცემდა ლიტერატურულ შეხვედრებში, სკოლაში ჩატარებულ „ლიტერატურის საათში“, თეატრში ჩატარებულ მწერლის საღამოებში. ანუ ის ფიქრობდა, რომ მწერლური შრომა შრომად ჩათვლილიყო. ლევან ბრეგაძიდან დაწყებული ლევან ბერძენიშვილის, ტორესა მოსის, ბესო სოლომონშვილის, ნიკა ჩერქეზიშვილის და უამრავი სხვათა ჩათვლით  აბა, რამდენი მწერალი იყავით სკოლებში? უამრავი! რამდენი იყავით საპატიმროებში? საჯარისო ნაწილებში? უცნობ  მკითხველებთან? რამდენი ითარგმნეთ, რამდენი დაიბეჭდეთ საზღვარგარეთაც მშვენიერი კრებულებით  და ა.შ. და ა.შ...  შეიქმნა უნიკალური ფონდი და დამზადდა 130-ზე მეტი ვიდეოპორტრეტი ფილმებად  სწორედ თანამედროვე მწერლებზე, ასევ ჩანაწერები დამზადდა  მწერლების მონო სპექტაკლებისა, რომლებიც 3 წელი მარჯანიშვილის და აგერ, ორი წელი თუმანიშვილის თეატრებში იმართება.... და ეს ყველაფერი საქმე არაა? ესაა მხოლოდ „ნოდარის გოგოობა“?   მართალია, ერთი კინკილა პროექტი მეტს ვეღარ გავწვდით, მეტს და მეტს სურდა ჩვენთან მონაწილეობა, ჩვენც გვინდოდა, მაგრამ ყველა პროექტს დასაზღვრული შესაძლებლობები აქვს...   არავის არაფრისკენ მოგიწოდებთ, მაგრამ  რა ვქნა, არ მეთქვა, არ შემეძლო.  ჩვენს ქვეყანას დაანგრევს ამდენი დესტრუქციული ძალა! ამდენი ნეგატივი, ამდენი სიყალბე!  მწერალმა უნდა წეროს, მძაფრადაც, სიმართლეც, გამომცემელმა უნდა გამოსცეს, მკითხველმა უნდა წაიკითხოს, მომავალი უნდა გავზარდოთ... საქართველო უნდა  გაძლიერდეს, განვითარდეს და ადამიანი კი ადამიანად დარჩეს! ჩვენ ყველას ერთად, ყ ვ ე ლ ა ს ერთად გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა და ძალიან რთული რეალობა, რომელსაც კიდევ მეტად ვამძიმებთ ზედმეტი დაძაბულობით...“ - წერს მარიამ წიკლაური.

 

big_banner
არქივი