logo_geo
რატი ბრეგაძე: მოსახლეობას აქვს სრული უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ფინანსების წარმომავლობის შესახებ
- +

9 აპრილი. 2024. 15:50

 

 

რატი ბრეგაძემ გამჭვირვალობის კანონის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო, პოლიტიკური და მედია ორგანიზაციები მონაწილეობენ ადამიანის პოლიტიკური ნების ფორმირებაში. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი მათგანი. შესაბამისად, თუკი ჩვენ გავყვებით იმ ლოგიკას, რომ პოლიტიკური პარტიები [აკეთებენ] დაფინანსების დეკლარირებას, თითოეული შემომწირველის, ასევე საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაცია არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, დეკლარაცია განთავსებულია ვებგვერდზე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ არ უნდა იყოს დეკლარირებული მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები, რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში. ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს სრული უფლება ჰქონდეს ინფორმაცია მათი ფინანსების წარმომავლობის შესახებ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

მან აღნიშნა, რომ ევროპული სტრუქტურები მაქსიმალურ გამჭვირვალობას ითხოვენ, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსგან და მაგალითად „მანივალის“ რეკომენდაცია მოიყვანა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროში უნდა ჩამოყალიბდეს ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი.

 

„ევროპული სტრუქტურები მოგიწოდებენ, რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს პროცესი ნებისმიერ ორგანიზაციის გარშემო და ეს საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი და რაც შეიძლება ფართოდ ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუკი ეს არის ევროპული ტიპის რეკომენდაციები, რატომ არის არაევროპული, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედია ორგანიზაციამ გააკეთოს საკუთარი თანხების დეკლარაცია? ამისთვის მათ ხომ ვინმე არ სჯის, არავინ ებრძვის. შესაბამისად, მსგავსი ტიპის არგუმენტები არის სრულიად გაუგებარი“, - მიიჩნევს მინისტრი.

 

 

big_banner
არქივი