logo_geo
დავით მათიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ და არც აქ მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უნახავთ და არ ახსოვთ, რომ ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად, ქათმურად მიჰპაროდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყას
- +

16 აპრილი. 2024. 13:16

 

 

„როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? - ათი მოგხვდებათ", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

დეპუტატი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმას გამოეხმაურა.

 

„მერვე წელია საკანონმდებლო ორგანოს წევრი ვარ, ამ კედლებსაც, ქუთაისის პარლამენტის კედლებსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ და არც აქ მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უნახავთ და არ ახსოვთ, რომ ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად, ქათმურად მიჰპაროდეს გამომსვლელს გამოსვლის პერიოდში და მისთვის დაერტყას. მთელი დღის განმავლობაში ელისაშვილი იჯდა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში და უყურებდა ილია ჭავჭავაძის სურათს, ხმა, კრინტი არ დაუძრავს. ამ ფაქტმა მასში ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია. ასეთი რამ გაგიგიათ? ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ? მე არ მინახავს და არ მახსოვს. თუ თქვენ გახსოვთ რამე, მითხარით. ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? - ათი მოგხვდებათ. ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ. ვერც ელისაშვილი და ვერც თქვენი ზედმეტი ყვირილი აქ იმ გეზს ვერ შეგვაცვლევინებს, რაც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული. ბოდიშის მოხდა არის კარგი საქციელი, მაგრამ თქვენ ეს არ შეგიძლიათ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

big_banner
არქივი