logo_geo
დავით მათიკაშვილი: ყველას ვალია, შევქმნათ ისეთი საფუძველი, რომელიც მომავალ თაობას დაიცავს იმის პროპაგანდისგან, რასაც ფსევდო-ლიბერალური ღირებულებები ჰქვია
- +

24 აპრილი. 2024. 14:52

 

 

„ჩვენი, ყველას ვალია, შევქმნათ ისეთი საფუძველი, რომელიც მომავალ თაობას დაიცავს პროპაგანდისგან, რასაც ჰქვია ფსევდო-ლიბერალური ღირებულებები“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ოზურგეთში, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუნდაც 20-30 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ  რომელიმე ქვეყნის ხელმძღვანელს, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ექნებოდა იმის აუცილებლობა ეთქვა, რომ ქალი - ქალია და კაცი - კაცი.

 

„მოგეხსენებათ კათოლიკური ეკლესია მეტ-ნაკლებად ლოიალურია ლიბერალური ღირებულებების მიმართ და ზოგ შემთხვევაში, უშვებდა კიდეც ერთსქესიანთა ქორწინებას,  დღეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ინსტიტუტის მეთაურმა, რომის პაპმა თქვა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ამ ზღვარის არარსებობამ, მისმა ბუნდოვანებამ შესაძლებელია დამღუპველი როლი ითამაშოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ზოგადად ადამიანის და ოჯახის მომავალში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა და დასძინა, რომ  ლიბერალური ღირებულებების არასწორი ფორმით წარმოდგენამ სავალალო პასუხი ჰპოვა საზოგადოებაში.

 

„ეს მრუდე გზები და მახინჯი ფორმები სამწუხაროდ, ძალიან მასშტაბურ სახეს იღებს რომლისგან დაცვაც ჩვენი ვალია. ამავე დროს გამიჯნული უნდა იყოს  პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა. ყველას  გააჩნია პირადი ცხოვრება და ამ ცხოვრებაში ჩარევის და ბულინგის უფლება არავის აქვს. მაგრამ თუკი უმცირესობას აქვს იმის უფლება ჰქონდეს დაცული ცხოვრების წესი, უმრავლესობასაც აქვს ეს უფლება, რომ არ მოხდეს ფსევდო- ლიბერალური ღირებულებების პროპაგანდა და ჩვენი შვილები იყვნენ ამ კუთხით დაცული“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

big_banner
არქივი