logo_geo
ირაკლი კობახიძე: მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა, მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები
- +

26 აპრილი. 2024. 14:25

 

 

„მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ჰქვია საუკუნის პროექტი, ეს არის რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. ამ მშენებლობის მორიგი ეტაპი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა, რისი მომსწრეც ვართ ჩვენ დღეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები.

 

„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის 27 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი სტუმრები უკვე სარგებლობენ და რაც სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს. დღეს იხსნება ზესტაფონის შემოვლითი 9 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი გზა. მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები. მთლიანობაში ეს არის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და რომელიც დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მხოლოდ ამ მონაკვეთზე მგზავრობის დროს, შესაბამისად, ამ სიკეთით ისარგებლებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა და სტუმრები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.

 

 

big_banner
არქივი