logo_geo
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე
- +

29 აპრილი. 2024. 21:15

 

 

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ჩვენს ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებს, ჩვენს თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს და რა თქმა უნდა ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს.

 

ჩემთვის დიდი პატივია ძვირფასო მეგობრებო მოგმართოთ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებას, ვისთვისაც ხელშეუვალია ღირებულებები, რომელიც უკავშირდება ღირსებას, თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. დღეს მახსენდება 2012 წელი, როდესაც თქვენ, ჩვენ და ქართველმა ხალხმა სწორედ აქ, თავისუფლების მოედანზე აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ, სუვერენულ და მშვიდობიან საქართველოში სურს ცხოვრება და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ხალხმა ქვეყანა ანტიეროვნული, მჩაგვრელი და მოღალატე რეჟიმისგან გაათავისუფლა და დღეს აქ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ ყველას ვაჩვენოთ, რომ საკუთარ ღირსებას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას ბოლომდე დავიცავთ.

 

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ერმა არაერთი რთული პერიოდი გამოვიარეთ. გავიარეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული მჩაგვრელი რეჟიმის ურთულესი პერიოდები. დღეს, მსოფლიოში დრამატული მოვლენები ვითარდება, მიმდინარეობს ომები ახლო რეგიონში, თავად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამიტომ ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ჩემო ძვირფასო მეგობრებო ომის ფასი და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ჩვენ კარგად გვესმის თუ რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. ბოლო წლებში ამ ურთულეს დროში არაერთი პროვოკაციის, დესტაბილიზაციის და რევოლუციების მცდელობის მიუხედავად ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა. პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

 

ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორედ დიდი ილია ჭავჭავაძის შეგონების ერთგულნი ვართ და მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“. დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების და გლობალური საფრთხეების ეპოქაში ვიმყოფებით. აშკარაა, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება და ხვალინდელი სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ. ამ ვითარებაში უნიკალური ქართული გამოცდილების არსი სწორედ ის არის, რომ ჯერ, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ და ყველას შევახსენოთ, რომ ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერების უნიკალურობისა და თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს.

 

ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალების, მტრული აქტორების მეშვეობით ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ცილობენ, თავს მოგვახვიონ ფსევდოლიბერალური ღირებულებები, ისინი ებრძვიან ჩვენს ტრადიციულ, ქართულ, ოჯახურ ღირებულებებს, ქართველი ხალხის მჩაგვრელი კრიმინალების დაბრუნებას ცდილობენ ხელისუფლებაში. მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებს არ ესმით მთავარი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს მთავარ ქრისტიანულ ღირებულებებს. მთავარ ფასეულობებს ეფუძნება ჩვენი ქვეყნის ისტორია და ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას და აერთიანებდა ჩვენს ძლიერ ერს. სწორედ ამის დამსახურებაა ძვირფასო მეგობრებო, რომ უძველესი, პატარა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მყოფი გადაურჩა აი ამ რთულ გამოწვევებს. იმ ქარტეხილებს, რომლებსაც არაერთი დიდი თუ ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა.

 

რასაკვირველია ჩვენი ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ პროგრესზე, განვითარებაზე, განახლებაზე, მაგრამ როგორც ვიცით ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის ან ცდილობს დაბრუნებას. ასე ხდება დღესაც ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში. ეს ეგრეთ წოდებული შენიღბული ჯალათები, მკვლელები და მჩაგვრელები ცდილობენ ახალგაზრდებს და ბავშვებს ამოფარებულები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და უცხო სახელმწიფოების ინტერესების გასატარებლად. დღეს ეს ძალები ებრძვიან ჩვენს თავისუფლებას, ებრძვიან ჩვენს სიმართლეს, ებრძვიან გამჭვირვალობას. მათ სურთ დაანგრიონ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები. ისინი თავს გვახვევენ ლგბტ პროპაგანდით, ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, აიძულებენ ქვეყნებს და ერებს ასეთი სიახლეები მიიღონ და დააკანონონ, რითაც ცდილობენ ადამიანი მოწყვიტონ საკუთარ ფესვებს.

 

ამიტომ, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ჩვენი რწმენაა. სწორედ ჩვენი ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური ფასეულობებია. რა თქმა უნდა, ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არ ვემსახურებით არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს, არამედ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს.

 

ამიტომ, დღეს, ჩემო ძვირფასებო, არჩევანი მკაფიოა - ან მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ან ისევ ომი, ქაოსი და არეულობა. დღეს, კიდევ ერთხელ აქ ჩვენ ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს. დაე, იცოდეს ყველამ, რომ საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, მადლობა.

 

 

big_banner
არქივი