logo_geo
კახა კალაძე: თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი
- +

3 აგვისტო. 2017. 16:40


„გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი და ქალაქი გახდება თანამედროვე და რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ facebook-მიმართვაში განაცხადა. კალაძის თქმით, მისი მზიანია, რომ მოწესრიგდეს ქალაქგეგმარების პრობლემა.


„წლების თბილისს არ ჰქონია ურბანული განვითარების ერთიანი კონცეფცია. არ ჰქონია მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და კომფორტზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნის გეგმა. არ ჰქონდა თბილისის ვიზუალური მხარის, არქიტექტურული უნიკალურობისა და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხედვა. ეს არის ჩვენი მინიმუმ ბოლო 25-წლიანი მემკვიდრეობაც და თუ გნებავთ, დანაშაულიც კი.

 

ჩვენი გუნდი აპირებს ერთობლივად, კომპლექსურად  ყველა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას. ქალაქი, ეს არის ერთიანი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადამიანივით ცოცხლობს და ამისთვის მისმა ყველა სიცოცხლისთვის აუცილებელმა კომპონენტმა საათის მექანიზმივით, უნისონში აწყობილად იმუშაოს. ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ ქალაქგეგმარებას და რაც მთავარია, პროგრესის პერსპექტივით. მოგვარდება ქაოტური, უხარისხო და უსახური მშენებლობების პრობლემა. თითოეული გაცემული ნებართვა, თითოეული დამტკიცებული პროექტი, ეს იქნება მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ურბანული კონცეფციიდან გამომდინარე. ყველა საცხოვრებელი კომპლექსი, თუ კორპუსი უნდა ეწერებოდეს საერთო სქემაში, უნდა აკმაყოფილებდეს არამარტო უსაფრთხოების ნორმებსა და ხარისხს, არამედ, უნდა აკმაყოფილებდეს არქიტექტურულ გემოვნებას და ეხამებოდეს ქალაქის ერთიან სტილს.  ქალაქის განაშენიანება და განვითარება იქნება ჰარმონიული. გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი და ქალაქი გახდება თანამედროვე და რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ძალიან მალე შევძლებთ და ეს მოხდება ჩვენი ერთად დგომითა და ერთიანი ძალისხმევით", - განაცხადა კახა კალაძემ. 


 

big_banner
არქივი