logo_geo
ლევან კობერიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციულ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს
- +

4 აგვისტო. 2017. 22:26

 


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" 2008 წელს, ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებდა პროვოკაციულ საომარ მოქმედებებს, ხოლო დღეს ახორციელებს პროვოკაციულ საინფორმაციო კამპანიას.


„ჩვენი, როგორც მმართველი გუნდის პირდაპირი მოვალეობაა, მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ყველა დეტალის შესახებ. ეს სიმართლე არის შემდეგი: ოკუპაცია არის ერთი - ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში და მინდა, მოვუწოდო ოპონენტებს ანუ მათ, ვინც აპელირებს ოკუპაციის თემით, გადაიკითხონ ყველა ის დოკუმენტი და ხელშეკრულება, რომელიც 2008 წელს საქართველომ მიიღო. ევროკავშირის ჩართულობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხებით, რომელიც საქართველომ გააფორმა და მას მერე არაერთხელ დაირღვა, არსებობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი, რომლის გასწვრივაც დღეს რუსი ოკუპანტები ავლებენ ე.წ. ხილულ საზღვარს. ოკუპაცია არის ის, რაც მოხდა 2008 წელს. „ნაციონალური მოძრაობა" 2008 წელს, ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებდა პროვოკაციულ საომარ მოქმედებებს, ხოლო დღეს ახორციელებს პროვოკაციულ საინფორმაციო კამპანიას. ამ თემაზე ჩვენ ფაქტებით უნდა ვისაუბროთ: ფაქტია მათ მიერ მიღებული კანონი, ფაქტია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მათივე ხელმოწერილია, ფაქტია ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც მათ დროსაა მიღებული - ამას ვერავინ გაექცევა", - განაცხადა კობერიძემ.


მისი თქმით, ხელისუფლება ამ თემაზე პიარკამპანიის წარმოებას არ აპირებს.

 

„ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე და ვფიქრობთ, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ხოლო ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია" არის სწორედ იმათი კამპანიის ნაწილი, ვინც ცდილობს, ეს ტერმინი იყოს დანერგილი და მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, თითქოს ხდება ჩვენი ქვეყნის დამატებით ახალი ტერიტორიების ოკუპაცია. დღეს ხდება მაშინდელი პარლამენტის მიერ მიღებული და დადასტურებული, ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით, ხილული ე.წ. საზღვრის გავლება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე და ჩვენ არ გვეშინია, რომ ამ ქმედებას სწორედ ოკუპაცია, „ხილული ოკუპაცია" ვუწოდოთ", - აღნიშნა კობერიძემ.








 

big_banner
არქივი